აქტუალური
საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები 9 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, ნათქვამია ბელარუსის საელჩოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო უბანი გაიხსნება საელჩოს შენობაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: კრწანისის №18. საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა 08:00-დან 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

თუ ამომრჩეველს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება არ ექნება, ისინი ხმის მიცემას ვადაზე ადრე, 4-დან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, 10:00–14:00 და 16:00–19:00 საათების პერიოდში შეძლებენ.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის წარდგენა აუცილებელია.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება. ამ დროისთვის ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპატია ტარდება, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება. უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე პრეტენზიას ხუთი კანდიდატი აცხადებს, მათ შორისაა ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც. ცესკომ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა „ტექნობანკის“ ყოფილ დირექტორს ვალერი ცეპკალოსა და „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ ხელმძღვანელს ვიქტორ ბაბარიკოს. თუმცა, პოლიტიკოსებმა და მათმა მომხრეებმა ცესკოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.