უცხოეთი
მარია ზახაროვა - რუსეთი გამონახავს გზას იმისთვის, რომ აშშ-ის მიერ რამზან კადიროვის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს უპასუხოს

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი გამონახავს გზას იმისთვის, რომ აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს უპასუხოს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“შესაბამისი პასუხის გაცემა ადვილი არ იქნება, მაგრამ რეაგირების მოსახდენად გზას გამოვძებნით, “- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გუშინ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო, აშშ რამზან კადიროვს სანქციებს უწესებდა.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის, მათ შორის წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების და იძულებითი გაუჩინარებების ფაქტებისთვის. ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მოხდეს," – წერს მაიკ პომპეომ.

ამის შემდეგ კადიროვმა Telegram-არხზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის იარაღით სავსე ოთახში დგას და ორივე ხელში იარაღი უჭირავს. "პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას. ახლა უფრო საინტერესო იქნება", - წერს კადიროვი.

interpressnews.ge