აქტუალური
კახეთში მიწას ინდუსებიც ყიდულობენ

mitsebiiბურებისა და ებრაელების შემდეგ ქართული მიწებით ახლა ინდოელები დაინტერესდნენ, რომლებიც ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსაყვანად კახეთში მიწებს ყიდულობენ. ინდუსები მიწას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან, ისე სახელმწიფოსგან შეისყიდიან. ექსპერტების განცხადებით, აზიის მზარდ ქვეყნებში სურსათის დეფიციტის საფრთხე სერიოზულად აფიქრებთ და ამისთვის წინასწარ ემზადებიან. დარგის სპეციალისტების აზრით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტორების აქტიურობას მიწის დაბალი ფასი, კლიმატი და ბიზნესგარემო განსაზღვრავს. პირველი ორი ფაქტორი ქართველი ინვესტორებისთვისაც მისაღებია, თუმცა ბიზნესგარემო და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ადმინისტრირება ქართული ინვესტიციების განხორციელებას აფერხებს. ქართველი მეწარმეებისგან განსხვავებით, უცხოელი ინვესტორების მიმართ კანონი ძალზე ლიბერალურია. შედეგიც სახეზეა: კახეთში ებრაელებმა ათასი ჰექტარი მიწა უკვე შეიძინეს და დაამუშავეს კიდეც. ბურებს სახელმწიფო 80 ათას ჰექტარს სთავაზობს. ახლა – ინდოელებიც. ჯერ გაურკვეველია, რა ფართობი აღმოჩნდება ინდუსების ხელში, მაგრამ კახეთში ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია უცხოელების ასეთი მოძალებით და შიშობენ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ადგილობრივ მოსახლეობას სხვის მოჯამაგირედ მოუწევს მუშაობა.