პუბლიკაციები
რუსული კულტურა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია? (დალი ნიკოლაიშვილი - სპეციალურად საქინფორმისთვის)

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფრმი. 2013 წლის გაზაფხულზე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ფაქტობრივად უკვე დასრულებული იყო, დარეტიანებულ მდგომარეობაში მყოფი „ნაცები“ უცბად გამოცოცხლდნენ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოლკლორული ანსამბლი „ერისიონი“ მოსკოვში მიემგზავრება გასტროლებზე.

საქართველოს ამ ვაი-პატრიოტებმა, იდეურად გაკოტრებულმა პოლიტიკოსებმა, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების გამო შიდა ქართლი და კოდორის ხეობა ქართველებისგან დაიცალა, „ერისიონს“ პატრიოტიზმის დეფიციტში დასდეს ბრალი, თურმე „ოკუპანტი ქვეყნის“ დედაქალაქში ქართული ხალხური ცეკვების პროგრამით გამოსვლა საქართველოსთვის საზიანო და ლამის ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ასეთი შეფასება მიუღებელია და ცხადზე ცხადია, რომ ქართული კულტურის გატანა ქვეყნის გარეთ, მათ შორის და განსაკუთრებით სწორედ რუსეთში, ისევ საქართველოს ინტერესებშია. მაგრამ ვაი-პატრიოტები არ ისვენებენ და ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს კულტურული გაცვლა საქართველოსა და რუსეთს შორის, საქართველოსთვის საფრთხეების შემცველია. ნუ იტყვით და, რუსული კულტურა იგივე რუსული „რბილი ძალა“ ყოფილა. შესაბამისად, მათი ლოგიკით, თუკი საქართველოში ჩამოვა რუსული ანსამბლი, თეატრი, მხატვარი, პოეტი და ასე შემდეგ, ეს რუსეთის პოლიტიკას ემსახურება.

თუკი ეს ასეა და დავეთანხმეთ რუსეთ-საქართველოს შორის კულტურული კავშირების მოწინააღმდეგეებს, მაშ რუსეთში ქართული კულტურული ჯგუფების, იმავეერისიონისგასტროლები რატომ ცხადდება მიუღებლად და ლამის ეროვნულ ღალატად?! განა ქართული ჯგუფები საქართველოსრბილ ძალასარ განახორციელებენ? და, ისიც ვთქვათ, რომ ქართული ანსამბლები ბევრად უფრო ხშირად დადიან რუსეთში, ვიდრე რუსულები - საქართველოში. თუნდაც ის ელემენტარული მომენტი გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ხელოვნების მუშაკები რუსეთში თავიანთი შრომითა და პროფესიონალიზმით ფულს შოულობენ.

მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი, ვინც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ებრძვიან, შორს დგანან საქართველოს ინტერესების გაგებისგან და პატრიოტიზმისგან. მათ აინტერესებთ მხოლოდ ვითარების ამღვრევა და ქართველებისთვის მაღალი კულტურის მქონე ერის სტატუსის წართმევა. მოგეხსენებათ, რაც უფრო ნაკლებად კულტურულია ერი, რაც უფრო ნაკლები კულტურული კავშირები აქვს მას გარესამყაროსთან, მით უფრო პრიმიტიული, ცალმხრივი და ადვილად სამართავი ხდება იგი. ამიტომ სულაც არ გვიკვირს ის ფაქტები, თუმცა ძალზე დიდი გულისტკივილით აღვიქვამთ ყოველ მათგანს, როდესაც რუსეთიდან ისედაც იშვიათ სტუმრებს აქ ხვდებიან პოლიტიზებული ლოზუნგებით, გმობენ „რუსულ ოკუპაციას“, შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ მეზობელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობას და ა. შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, საუბარია იმ ვითარებაზე, როდესაც აპოლიტიკურ რუსულ კულტურულ ჯგუფებს, საქართველოში გასტროლებით ჩამოსულებს, უწყობენ ასეთ ხელოვნურ პოლიტიკურ ობსტრუქციას. გავიხსენოთ ქუთაისში მოწყობილი ვულგარული აქცია, როდესაც მოსკოვის თეატრი ჩამოვიდა გასული წლის ოქტომბერში. მცირერიცხოვანმა, მაგრამ მაინც ადამიანების ჯგუფმა, ქუჩაში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ მოაწყეს საპროტესტო აქცია მხოლოდ იმიტომ, რომ ქუთაისელი თეატრის მოყვარულების წინაშე წარსდგა მოსკოვის თეატრი „У Никитских ворот“. ბრბოდ ქცეულმა ქართველების ჯგუფმა რუს ხელოვანებს „შეახსენა“, თუ რა უსამართლობა ხდება შიდა ქართლში. თუმცა მათ იმის თქმა დაავიწყდათ, რა წვლილი მიუძღვის ყველაფერ ამაში მათ პოლიტიკურ კერპებს - ადგილობრივებს, რა თქმა უნდა. ქუთაისში თეატრის წინ შეკრებილი ბრბო შეეცადა, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოსთვის „ბანანის რესპუბლიკის“ იმიჯი შეექმნა, სადაც ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ კულტურასა და პოლიტიკას, სადაც ხალხმა არ იცის, ვის უნდა გამოუხატო პოლიტიკური პროტესტი და რა ვითარებაში, სადაც დაავიწყდათ სახელგანთქმული ქართული სტუმარ-მასპინძლობა...

სამწუხაროდ, ქუთაისის ინციდენტი ერთადერთი ნეგატიური ფაქტი არ არის. აჭარაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტონიმიის განათლების მინისტრი მხოლოდ იმის გამო, რომ მან შარშან, 26 მაისს, საბავშვო ფესტივალ ოქროს დელფინის ფარგლებში რუსული საბავშვო დელეგაციის დაპატიჟება და გამოსვლა დაუშვა. იმავე ბათუმში კიევის თეატრს უფლება არ მისცეს, სპექტაკლი რუსულ ენაზე გაემართა. კრიტიკა მოჰყვა რუსული ფილმების ჩვენებას თბილისში...

თუკი ასე გავაგრძელეთ, საქართველო ძალიან მალე დაკარგავს კულტურული ქვეყნის სტატუსს. „კულტურა არის ენა, რომლის საშუალებითაც ერთმანეთთან უნდა ისაუბროს მსოფლიოს ყველა ხალხმა. ძალიან ხშირად, როდესაც ჩამოდიან უცხოური თეატრები ან ჩვენ მივდივართ უცხოეთში, მაყურებელს მოხსნილი აქვს ყურსასმენი, სადაც თარგმანი ესმის მშობლიურ ენაზე, რადგან მაყურებლისათვის უფრო საინტერესო და გასაგებია სხეულის ენა, კულტურის ენა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან იქნება კულტურული ჯგუფი ჩამოსული, რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან; ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას. შარშან ჩამოვიდა “Et Cetera” რობერტ სტურუას სპექტაკლებით და მერე ჩვენ ჩავედით მოსკოვში; რუსები არანაირად არ გრძნობდნენ თავს ჩვენთან, როგორც ოკუპანტები და ჩვენ იქ არ ვიგრძენით თავი, რომ ვართ ოკუპირებული ქვეყნიდან ჩასულები. საქართველოს თუ რამე გადაარჩენს, ეს არის ჩვენი ქვეყნის კულტურა, ჩვენი ქვეყნის კულტურის გატანა საზღვრებს გარეთ“, - ამბობს რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ბესო ზანგური ჩვენთან საუბარში და ელის, რომ ასეთი კულტურული გაცვლა საქართველოსა და რუსეთს შორის გაგრძელდება.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ისევ საქართველოს შეურაცხყოფაა იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც გასტროლებით ჩამოდიან ჩვენთან რუსეთიდან, რათა თავიანთი ქვეყნის კულტურა გაგვაცნონ. ეს არის ყველაზე მიუღებელი და მდაბიო ენა, რომელსაც შეიძლება მიმართო ადამიანების მიმართ, რომლებიც გასტროლებზე არიან ჩამოსულნი. ეს არის შენი საკუთარი ქვეყნის და სახის შეურაცხყოფა, როდესაც თეთრი დროშით ჩამოსულ ადამიანებს, კულტურის მოღვაწეებს, კულტურის ელჩებს, ასე ესაუბრები და ასე ხვდები. ისინი ჩამოდიან აქ, რათა გაგვაცნონ თავიანთი ქვეყნის კულტურა და შენ ესაუბრები ავტომატის ენით; ეს არისნაციონალური მოძრაობისფაშისტური ხელწერა... ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელის შერცხვენა და ყოველმხრივ ვემიჯნები ასეთ მდაბიო საქციელს“, - ამბობს ბესო ზანგური.

ბესო ზანგური მიესალმება, თუკი რუსეთიდან უფრო მეტი თეატრი და ანსამბლი ჩამოვა საქართველოში გასტროლებზე. კულტურული გაცვლისადმი ასევე დადებითად არის განწყობილი ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე:

მე მოსკოვში გავიზარდე. ჩემი პირველი ნაბიჯები, ჩემი პირველი სიყვარული, სკოლა, მეგობრები, ეს ყველაფერი მოსკოვთან მაკავშირებს... წარმოიდგინეთ... მივესალმები რუსეთიდან ჩამოსულ ხელოვან სტუმრებს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, მხოლოდ კარგი მიზნები ამოძრავებთ და ისინი სრულიად აპოლიტიკურები არიან. ადამიანები, როდესაც აქ გასტროლზე ჩამოდიან, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი აგრესია ან პოლიტიკური ზრახვები არ ამოძრავებთ“, - აღნიშნა ბატონმა გოგიმ ჩვენთან საუბარში.

მართლაც, ძნელია რაიმე გქონდეს საწინააღმდეგო ასეთი ხალხის მიმართ. სამწუხაროა, რომ ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც გოგი ჭიჭინაძე და ბესო ზანგური არიან, ნაცვლად იმისა, რომ მათ უშუალოდ ხელოვნებასა და კულტურაზე ვესაუბროთ. როგორ შეიძლება, კულტურა იყოს საფრთხის შემცველი, მით უმეტეს, რუსული კულტურა, რომელთანაც უამრავი რამ აკავშირებს ქართულ კულტურას და, ზოგადად, საქართველოს. თუკი პუშკინი გენიოსი პოეტია, მისი ლექსების საჯაროდ წაკითხვა საქართველოს ტერიტორიაზე რუსულრბილ ძალადუნდა განვიხილოთ? მაშინ მე გეტყვით, რომ ასეთ „რბილ ძალას“ მხოლოდ მივესალმები და ვისურვებდი, რომ რუსეთი საქართველოში სულ ასე წარსდგეს ხოლმე! სასიხარულოა, რომ ალაგ-ალაგ, მაგრამ ჩვენს საპარლამენტო წრეებშიც გამოხატავენ ასეთ მიდგომას, როგორც ეს უმრავლესობის დეპუტატმა, ბ-მა სიმონ ნოზაძემ და ოპოზიციონერმა ბ-მა დავით ჭიჭინაძემ აღნიშნეს ჩვენთან საგაზაფხულო ინტერვიუებში. საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურული კავშირები არ უნდა შეწყდეს, საქართველოდან რუსეთში მეტი ხელოვანი უნდა ჩავიდეს და პირიქით, რუსეთიდან საქართველოში - მეტი რუსი ხელოვანი.