საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ნდობით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა ქართველების ბუნებაა. ამიტომაც, მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პარტიის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ საქმეში – ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არავისთვის უცხო არ არის, რომ საქართველო რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ცხოვრობს, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკ-ფაქტორები.

არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკი, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.

ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.