როგორც საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა გვატყობინებს, დღეიდან, 11 აპრილიდან, საფრანგეთში მუსლიმან ქალებს საზოგადოებაში ჰიჯაბის ტარება ეკრძალებათ.
ახალი კანონის მიხედვით, ის, ვინც არ დაემორჩილება აკრძალვას, 150 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის ან სავალდებულო მოქალაქეობის კურსებს გაივლის. იმ შემთხვევაში კი, თუ მამაკაცი დააძალებს ქალს თავსაბურავის ტარებას, მამაკაცს ერთი წლით ციხე ან 30.000-ევროიანი ჯარიმა ემუქრება და ამ თანხის ორმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს, თუ საქმე მცირეწლოვანს ეხება.
შაბათს პოლიციამ 61 ადამიანი დააკავა პარიზში, როცა მათ არასანქცირებული მიტინგის ჩატარება სცადეს ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ, თუმცა მოგვიანებით უმეტესობა გაათავისუფლეს, გარდა 6 პიროვნებისა, რომლებიც საფრანგეთში არალეგალურად მცხოვრებნი აღმოჩნდნენ.დემონსტრაცია ორგანიზებული იყო რადიკალური მუსლიმანური ორგანიზაცია „Unicite Tawhib“-ის მიერ, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რადიკალურ მუსლიმანურ ინტერნეტსაიტებთან, რომლებიც მოუწოდებენ ისლამის მიერ საფრანგეთისა და მსოფლიოს დომინირებისაკენ.
სავარაუდოდ, ათასობით მუსლიმანი შეუერთდება დღეს დაგეგმილ აქციებს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში აკრძალვის წინააღმდეგ.
საფრანგეთის მუსლიმანური მოსახლეობა 5 მილიონს აღწევს, რაც ვროპის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობაა. ოფიციალური ცნობით, დაახლოებით 2000 ქალი ატარებს თავსაბურავს.
მუსლიმანთა უკმაყოფილება საფრანგეთის მთავრობის მიმართ ჯერ კიდევ 2004 წელს გაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მუსლიმან გოგონებს სკოლებში თავსაბურავების ტარება აუკრძალა.