სამართალი
როგორც საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა გვატყობინებს, ყველასათვის ცნობილი ბრიტანული გაზეთი „NEWS OF THE WORLD“ მორიგ სკანდალში გაეხვა – მას მილიონობით გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს კომპენსაციის სახით.
გამოძიებამ გაარკვია, რომ 2004-2006 წლებში ინფორმაციის შეგროვების მიზნით „NEWS OF THE WORLD“ მართლაც უკანონოდ აწარმოებდა 8 ცნობილი პიროვნების პირადი სატელეფონო შეტყობინებების მონიტორინგს, მათ შორის, ცნობილი ბრიტანელი მსახიობის – სიენა მილერის, კულტურის მდივნის – ტესა ჯაუელისა და მისი ყოფილი მეუღლის სატელეფონო შეტყობინებებს.გასულ კვირას „სკოტლანდ იარდმა“ („Scotland Yard“) დააკავა იქ დაკითხვისთვის ნებაყოფლობით მისული „NEWS OF THE WORLD“-ის ახალი ამბების ყოფილი ხელმძღვანელი იან ედმონდსონი და გაზეთის წამყვანი რეპორტიორი ნევილ თარლბეკი, რომლებიც გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მათი სასამართლო სექტემბერში შედგება.
„News International“-ში, რომელიც „NEWS OF THE WORLD“- ის მფლობელია, განაცხადეს, რომ მათ დაიქირავეს ადვოკატთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კომპენსაციების სამართლიან და დროულ გადახდას.
უკანასკნელი ინფორმაციით, აღნიშნულ საზოგადო მოღვაწეთა სიაში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი და ერთ დროს ფეხბურთის ვარსკვლავი პოლ გასკოინიც აღმოჩნდნენ. თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია გუშინ, 10 აპრილს, „Independent on Sunday“-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ამ სკანდალში სამეფო ოჯახიც გაერი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „NEWS OF THE WORLD“, ასევე, ისმენდა პრინცესების – ბეატრისასა და იუჯინის სატელეფონო შეტყობინებებსაც.