პოლიტიკა
ისრაელში თავდაცვითი სისტემების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია „Elbit Systems“-მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ედავება, რის გამოც მან სარჩელი გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში შეიტანა.
„სარჩელის შეტანა განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტის შესაბამისად მიწოდებელი პროდუქციის საფასურის კომპანიისთვის გადაუხდელობამ“, – ნათქვამია „Elbit Systems“-ის მიერ გავრცელებულ მოკლე პრესრელიზსში. მასში სხვა დეტალები არ არის მოყვანილი, თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს კომპანიისგან „Hermes 450“ ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები აქვს ნაყიდი. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილში განაცხადა, საქართველოს ამ სახის 40-მდე საფრენი აპარატი ჰქონდა. მათგან, სულ ცოტა, სამი (თუმცა აფხაზური მხარის მტკიცებით, სულ – შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.