საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არის „სწორად გადადგმული ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით”.
აწ უკვე ყოფილმა მერმა დააზუსტა, რომ სიტყვაში – „ყველა“ – იგი ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებს, ასევე იმ დაწყებულ პროექტებს გულისხმობდა, რომელთა „უმტკივნეულოდ“ გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა „ასეთი მნიშვნელოვანია“ ბათუმისთვის.
ლაშა კომახიძემ ისიც განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, მან „გუნდური“ შეხედულება გაითვალისწინა, თუმცა მასზე რაიმე ტიპის „ძალდატანება“ ან „იძულება“ კატეგორიულად გამორიცხა.
მანვე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თუკი იგი თანამდებობიდან წასვლაზე უარს იტყოდა, დაკავებით ემუქრებოდნენ, „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა.
კომახიძემ არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება დაადასტურა და თქვა, რომ ეს „ჭორია“. „ახლაც გვაქვს ნორმალური, კოლეგიალური ურთიერთობა“, – განმარტა კომახიძემ.
უკვე ყოფილმა მერმა არც ქართული ოცნების მხრიდან შემოდგომის არჩევნებისთვის, საპარლამენტო საარჩევნო სიაში ჩასმის შესახებ უარი დაადასტურა და თქვა, რომ მას „საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები“ აქვს, მათ შორის, „სახელმწიფოს მხრიდან“. თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებას აირჩევს, კომახიძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს და ფიქრობს.
ლაშა კომახიძესთან ერთად, თანამდებობა ბათუმის ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. როგორც კომახიძემ განმარტა, ტუღუშმა გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო. „[ტუღუშმა გადაწყვეტილება] იმით ახსნა, რომ იგი ერთი წლის წინ ჩემთან ერთად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას“, – განაცხადა კომახიძემ.
პირველი ვიცე-მერის პოსტზე კომახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. შესაბამისად, თვითმმართველობის მომავალ არჩევნებამდე მერის უფლებამოსილებასაც სწორედ იგი შეასრულებს.
„მისი [ჩიქოვანის] კანდიდატურის შერჩევისას, მოხდა საერთო ხედვის გათვალისწინება, ვინაიდან ეს ხონჩაზე მირთმეული თანამდებობა არ არის. ეს არის ძალიან დიდი პრობლემებისა და საპასუხისმგებლო საკითხების გროვა, რომელზეც ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, – თქვა კომახიძემ.
ლაშა კომახიძის გადადგომის შესახებ ცნობა მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ბათუმის მერიაში აინფორმაციას არ ადასტურებდნენ. თავად ლაშა კომახიძე ამბობდა, რომ ყველა კითხვას პასუხს 13 ივლისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გასცემდა. თუმცა, დაპირებული პრესკონფერენცია არ შედგა და ბათუმის მერიაში მხოლოდ ის თქვეს, რომ კომახიძე ერთი კვირით შვებულებაში გავიდა.
კომახიძის გადადგომის მიზეზად მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესა და მას შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებდა. ითქვა, ისიც, რომ კომახიძე თანამდებობიდან წასვლის სანაცვლოდ, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში, მის საარჩევნო სიაში ჩასმას ითხოვდა.
კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი ლაშა კომახიძე პოსტს 15 ივლისამდე დატოვებდა, შემოდგომაზე ახალი მერის ასარჩევად, შუალედური არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. გამოითქვა ვარაუდი, რომ კომახიძემ წასვლა, რამდენიმე დღით, სწორედ აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად გადადო.
ლაშა კომახიძე, ბოლო რამდენიმე თვეში, უკვე მეექვსე არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადის ამოწურვამდე დატოვა.
ლაშა კომახიძე ქალაქ ბათუმის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.