პოლიტიკა
რომან გოცირიძე - შეუძლებელია, „ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშიას“ ფორმატის დატოვებას არ აპირებს.

გოცირიძის თქმით, ოპოზიციური გაერთიანების ფორმატი პირიქით, უფრო გაფართოვდება.

ნაციონალური მოძრაობა“ არის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი და რეალურად, მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ აპირებს გასვლას. „ძალა ერთობაშია“ იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით – კიდევ უფრო გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, თუ ცალკეულ პარტიას გაერთიანებიდან გასვლა უნდა, არც ეს არის პრობლემა.

პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: „იგი წავა და სხა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. შეუძლებელია „ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. „ძალა ერთობაშია“ არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“იქნება ამ ძალიან კარგი და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი.

ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობით შენარჩუნება. ასე რომ, გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია, სხვა პირებიც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, შეიძლება, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ გაერთიანება დატოვონ? – გოცირიძემ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, გაერთიანებაში ყველა დარჩეს.

ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, რომ ვინც იყო „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაში, ყველა დარჩეს, მაგრამ ჩვენ ვერავის დავაკავებთ. ვისაც უნდა, შეუძლია, წავიდეს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, ასეთია ცხოვრება, როგორც ფრანგები იტყვიან“,- განაცხადა გოცირიძემ და კითხვაზე საპასუხოდ დასძინა, რომ სავარაუდოდ, საარჩევნოდ ერთიანი სია ექნებათ.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე.

თუმცა, მისივე თქმით, ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს.