2011 წლის 7 აპრილს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სტუმრობდა. ძირითადი მესიჯები, რომლებიც აპატურაის საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჟღერდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ალიანსის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა იყო.
აპატურაის ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა. მათ შორის, საქინფორმში რამდენიმე სატელეფონო ზარი განხორციელდა კითხვით: „რა იყო აპატურაის ვიზიტის მთავარი მიზანი და რა იმალება მის მირ საქართველოში გამართული შეხვედრების უკან?“ კითხვები ეხებოდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერ კობა დავითაშვილსაც. კერძოდ, რომელ ფრონტზე იბრძვის დავითაშვილი და რატომ იცვლება მისი პოზიციები მუდმივად რუსეთსა და ნატოსთან დაკავშირებით?მსგავსი ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ლოგიკურიცაა, რომ ფართო საზოგადოებისთვის ყველა საკითხი ვერ გახმიანდება. თუმცა მაინც საინტერესოა, რა უნდოდა რეალურად აპატურაის თბლისისგან; ხომ არ იყო ეს ვიზიტი „იაფ ჯარისკაცებად“ წოდებული ქართველი სამხედროების კიდევ ერთ ცხელ წერტილში გაგზავნის იდეის განხილვისთვის შემდგარი ვიზიტი; რატომ ამტკიცებს აპატურაი, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და მთლიანობის არარსებობის პირობებში გაურკვეველია, რა საზღვრებით შევა საქართველო ალიანსში; ხომ არ არის ეს პოზიცია ბიძგი ახალი ომისკენ რუსეთთან; რისთვის ხვდება ნატოს წარმომადგენელი ოპოზიციის მხოლოდ იმ ნაწილს, რომლის საგარეო პოლიტიკური კურსი ხელისუფლების კურსს თითქმის თანხვდება? საკითხავია ისიც, საერთოდ სურს თუ არა ალიანსს საკუთარ რიგებში საქართველოს ხილვა, თუ ამის მტკიცება იმისთვის სჭირდება, რომ ქართველი კონტინგენტი გამოიყენოს და საერთაშორისო სტატუსით ჩართოს სამშვიდობო ოპერაციებში – ხომ არ არის მოსალოდნელი, ქართველი ჯარისკაცები ახალ ცხელ წერტილში – ლიბიაში ვიხილოთ?
იმის გასარკვევად, განიხილებოდა თუ არა აპატურაის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროს ქართველი სამხედროების ახალ ცხელ წერტილში შესაძლო გაწვევის საკითხი, საქინფორმის კორესპონდენტი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ სალომე მახარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გაუგია და პირველად მისგან ესმის. „საერთოდ, ყველანაირი ინფორმაცია უწყების საიტზე არის განთავსებული და შეგიძლიათ, ნახოთ“, – დასძინა მახარაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს საიტზე კი , როგორც ყველა ოფიციალური უწყების საიტზე, მოგეხსენებათ, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია დევს. „საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ბერლინის მინისტერიალისთვის მზადების პროცესზე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს“, – აღნიშნულია საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციის მიღების ფუფუნების უქონლობის გამო, როგორც ყოველთვის, საკითხის გარკვევა სამხედრო ექსპერტებთან ვცადეთ. როგორც საქინფორმს ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ განუცხადა, აპატურაის თბილისში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი ავღანეთში ქართველი ინსტრუქტორების მომზადება იქნებოდა, თუმცა თავდგირიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამავე დროს, თეორიულად განხილულიყო ლიბიაში ქართველი სამხედროების გაგზავნის საკითხი, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მომავალში იქ სამშვიდობო მისია ჩამოყალიბდება.
„თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ორივე მისიაში მონაწილეობას საქართველო ვერ მოახერხებს. ამ ეტაპზე ლიბიაში მხოლოდ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და თუ შემდგომ პოსტსიტუაციაში სამშვიდობო მისია ჩამოყალიბდა, რაც შორეული მომავლის ალბათობაა, გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა თავდგირიძემ.
რაც შეეხება ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების, კერძოდ კი, ამ შემთხვევაში, „ეროვნულ საბჭოში“ შემავალი კობა დავითაშვილის პოლიტიკური პოზიციების ცვალებადობას, საქინფორმი შეეცადა, ეს საკითხი თავად მასთან გაერკვია, თუმცა დავითაშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით. არადა, მისი კომენტარი ძალზე საინტერესო იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი კობა „ხან ჯვარს იყრის ნატოსთან, ხან იწერს“. როგორც ცნობილია, რუსეთში ვიზიტისას დავითაშვილი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ ვლადიმერ ჟირინოვსკის შეხვდა, რომელმაც მას ხელიც კი არ ჩამოართვა. ამ ვიზიტის განხორციელებამდე დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ნატოზე ჯვარი არ აქვს დაწერილი“, შემდეგ მოსკოვში რუსებთან სასაუბროდ წავიდა, ახლა კი ნატოს წარმომადგენელს შეხვდა. ცხადია, რუსებისგან დავითაშვილი თბილ სალამს ვერც მიიღებდა, რადგან მის „თავბრუდახვეულ სიარულს“ ნატოსა და რუსეთს შორის თავი და ბოლო ვერავინ გაუგო და, შესაბამისად, „ეროვნული საბჭოს“ პოლიტიკური ორიენტაციის გარშემოც კითხვის ნიშნები გაჩნდა. საკითხავი კი ის არის, ბოლოს და ბოლოს, რას ფიქრობს ძიძიგური-დავითაშვილის წყვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე – საჭიროა მეზობელთან მეგობრობა, თუ „რქებით ნატოსკენ“? ასეთი გაურკვეველი ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსებს კი, ცხადია, არც რუსეთში და არც სხვა ქვეყანაში დიდი ზარ-ზეიმით არშეხვდებიან.
ზოგადად, ნატოს წარმომადგენლის „ოპოზიციურ რვიანთან“ შეხვედრა კი, ალბათ, ასევე, ბადებს რამდენიმე კითხვას, მათ შორის, რატომ არ შეხვდა ჯეიმს აპატურაი ისეთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა საგარეო პოლიტიკური ხედვები არცთუ ისე დასავლურია? რატომ აირჩია მაინცდამაინც იმ პარტიების „გუნდი“, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც საგარეო პოლიტიკური კურსი თითქმის უცვლელი დარჩება? რატომ ინტერესდება ნატო საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მხოლოდ ამ ძალების ხედვებით? იმიტომ ხომ არა, რომ „დაუსრულებელი“ გზა ნატოსკენ არ შეიცვალოს და საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, „ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების“ გახმიანების სანაცვლოდ, ორგანიზაციას საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო პოტენციალის გამოყენების საშუალება ისევ ჰქონდეს?!.