(საუბარი პირველი)
სამხატვრო აკადემიის პროფესორი ოლეგ ტიმჩენკო ცნობილი და მოთხოვნადი მხატვარია, იტაცებს ექსპერიმენტები. რომანტიკოსია, უყვარს მუსიკა და თავის ნაწარმოებებში მის ხორცშესხმასაც მშვენივრად ახერხებს. თუმცა ყურადსაღები თემა, რომელზეც დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმთან“ საუბრობს, მხატვრის მორიგი ხმამაღალი პროექტი კი არა, თავად გახლავთ: მისი წარსული და აწმყო, გვარიშვილობა, ცხოვრებისეული ფილოსოფია და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მრწამსი – დღეს ხომ პოლიტიკაზე მარტოოდენ ზარმაცები არ ლაპარაკობენ...
ოჯახური საქმეები
– მე პეტერბურგელი თავადი და, ამავე დროს, ციმბირელი ვარ! ბებიაჩემი და პაპაჩემი, დედის მხრიდან, პეტერბურგიდან თბილისში ნაჩქარევად გამოიქცნენ. ესმოდათ, რა შეიძლებოდა დაყოვნებას მოჰყოლოდა. მდიდარი თავადების დევნის უამრავი მიზეზი არსებობდა. 1917 წლის რევოლუცია განაჩენად იქცა. ევგენი და ელიზავეტა (ქალიშვილობის გვარით – ნიკოლაევა) გულიცკებს ორი სახლი ჰქონდათ – ნევის პროსპექტსა და ვასილიევის კუნძულზე. ბინა ჰქონდათ სმოლენსკის გუბერნიაშიც. აგარაკზე ცხოვრება ჩეხოვის „თოლიას“ ჰგავდა. ბებია კაპიტოლინა მიამბობდა, როგორ ატარებდნენ უქმეებს – დგამდნენ სპექტაკლებს, იწვევდნენ პროფესიონალ მსახიობებს, აწყობდნენ საღამოებს. ცხოვრება თვალის დახამხამებაში დაენგრათ... გულიცკებმა ხელს ვერაფერი გამოაყოლეს, გარდა საგვარეულო ძვირფასეულობისა, რომელმაც დიდხანს გამოკვება ისინი, სამამულო ომის დროსაც კი. ჩემი დიდი ბაბუა, როგორც დღეს ამბობენ, პირველი ავიატორების სპონსორი იყო. მის ძმას – კონსტანტინეს კი, დიდი თანამდებობა ეკავა ზამთრის სასახლესთან არსებულ კანცელარიაში. დიდ ბებიას ორი და ჰყავდა – მათაც მოუხდათ ემიგრირება გერმანიასა და აშშ-ში. ასე გაჰყარა ცხოვრებამ სამი და...
– თქვენი წინაპრებისთვის თავშესაფრად კავკასია იქცა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
– კავკასია იმ წლებშ ჯერ კიდევ თავისუფალი იყო ბოლშევიზმისგან. აქ ინგლისის ჯარები იდგა. მოკლედ, რევოლუციას ჯერ ვერ მოეღწია. გულიცკებს ძალიან მოსწონდათ თბილისში ცხოვრება, უწინაც ხომ ჩამოსულან დასასვენებლად. და როცა დადგა საკითხი – სად გაქცეულიყვნენ, არჩევანი თბილისზე შეაჩერეს. ის უფრო ახლობელი იყო და არც ენობრივი ბარიერი დააბრკოლებდათ. რა თქმა უნდა, გულიცკებს კაპიტალურად გადასახლება არ სურდათ, ბოლომდე სჯეროდათ, რომ შინ დაბრუნდებოდნენ და აქ მხოლოდ ავი ჟამის გადავლას ელოდებოდნენ. დიდი ბაბუა ბოლშევიკებს სერიოზულად არ აღიქვამდა. ბებია ჰყვებოდა, მამას ეგონაო, რომ ბანდიტები ცოტას აურ-დაურევდნენ და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. იმხანად ბებია 17 წლის იყო, მისი ძმა ალექსანდრე – თხუთმეტის. ოჯახმა აქ სახლი იყიდა, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს. შემდეგ გულიცკებმა ის გაყიდეს და არდონის ქუჩაზე (დღევანდელი – მამარდაშვილის ქუჩა) მდებარე სახლში გადასახლდნენ, რომელიც მათთვის საგვარეულო ბუდედ იქცა. თუმცაღა თბილისურ ცხოვრებას ვერ შეეგუენ. დიდ ბაბუას ნოსტალგიამ შემოუტია, იტანჯებოდა, ხოლო როცა გააცნობიერა, რომ აქედან ვეღარ გაემგზავრებოდა, დროსტარებას მიჰყო ხელი. მანამდე სასმელს არ ეკარებოდა, ახლა კი ვერის ბაღში მეგობრებთან ერთად სტუმრობას მოუხშირა! მოკლე ხანში გარდაიცვალა. საქმე ისაა, რომ ევგენი გულიცკი დიდი ოხუნჯი იყო. ერთხელ მეგობრებს შესთავაზა, გაჩვენებთ, დათვი მთიდან როგორ მოგორავსო. ისინიც გაბრიყვდნენ და დათანხმდნენ. ბაბუაც დაგორდა და კუნძს დაეჯახა. პენიცილინი იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა და ბანალური სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.
ბავშვებთან მარტოდ დარჩენილმა ბებიამ იფიქრა, დასთან გერმანიაში ან საფრანგეთში გადავსახლდებიო, მაგრამ ვერ შეძლო. მეტად აღარც გათხოვილა. ელიზავეტა გულიცკაია კარჩაკეტილად ცხოვრობდა, სახლიდან გარეთაც არ გადიოდა, მხოლოდ ეკლესიაში ან ბიბლიოთეკაში თუ წავიდოდა. მახსოვს, პატარას ხელს ჩამკიდებდა და სახლის შორიახლო რუსულ ეკლესიაში მივყავდი. მეხსიერებაში ჩამრჩა, როგორ მეშინოდა მუყაოსგან გამოჭრილი ქრისტეს ჯვარცმის ფიგურისა. იცით, ქაღალდზე რომ ყოფილიყო დახატული, სულ სხვაა, „ჩემი“ ქრისტე კი თითქოს ჰაერში, სივრცეში დაფარფატებდა. ის „ცოცხალი“ იყო! თუმცა, მიუხედავად ყველა ბავშვური შიშისა, ძალიან მიყვარდა ეკლესიაში ყოფნა, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე.
– დედათქვენისა და ბებიას ცხოვრება როგორ აეწყო?
– ბებიაჩემი კაპიტოლინა 17 წლისა გაჰყვა ცოლად პოეტ და მევიოლინე სემიონ ბოლოტოვს. მათი ქალიშვილი, დედაჩემი – ვალენტინა სემიონოვნა ბოლოტოვა, ძალიან კარგად ხატავდა, მაგრამ სამხატვრო აკადემიის დამთავრება ვერ შეძლო – ომმა შეუშალა ხელი. თბილისის აკადემია ფასიანი გახდა, ფული არ ჰყოფნიდათ. ვის სცხელოდა სწავლისათვის? დედა მარჯანიშვილის თეატრში, ბუტაფორიის საამქროში მხატვრად მუშაობდა. რაც შეეხება მამაჩემს, ივან ტერენტის ძე ტიმჩენკოს – ეს სრულებით სხვა ისტორიაა. მამა ვიტებსკში დაიბადა, თითქმის მაშინვე ოჯახი ომსკში გადასახლდა. ბაბუა მამის მხრიდან კომბინატში ინჟინრად მუშაობდა. აი დიდ ბაბუას კი არ ვიცნობ, ციმბირთან კონტაქტი არ მქონდა. ბაბუაზე ბევრი რამ მამის მონათხრობიდან შევიტყვე...
ბაბუა ტერენტი ინჟინრად მუშაობდა და ხეირიანი შემოსავალიც ჰქონდა. ის და მისი ძმა პეტრე ტიპური ციმბირელები იყვნენ, მაღლები და ჯანმაგრები. ტერენტის უბედურება შეემთხვა – ბაბუა შემთხვევით პირდაპირ ქუჩაში დაჭრეს. გაუგებარია, როგორ მიაღწია სახლამდე 17 ჭრილობით... ნამდვილი ციმბირელი იყო! ერთი კვირა სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ... მწირი ცნობები შემორჩა ბებია ანასტასია ბარსუკოვაზეც. მამაჩემმა ომსკის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. დიდხანს სპეციალობით მუშაობდა. ბროლის ძებნაში ნიადაგს აფეთქებდა. ექსპედიციებით ომისშემდგომ წლებში მთელი კავკასია შემოიარა – დაღესტანი, ყაბარდო, სვანეთი. ომის მონაწილე არ ყოფილა, ომსკის სატანკო ქარხანაში მუშაობდა. საქართველოში პროფესიამ ჩამოიყვანა, სამუდამოდ კი აქ სიყვარულმა დატოვა. გეოლოგიური სადგურის ბიჭებთან ერთად სოხუმში ისვენებდა და დედას შეხვდა, რომელიც ამ ქალაქში დამატებით კარტოგრაფად მუშაობდა. სად გაიცნეს ერთმანეთი, ზუსტად არ ვიცი – დეტალები ჩემთვის არ გაუნდვიათ. მარტო ის ვიცი, რომ გაჩაღებული რომანისას მამამ დედა ტყიბულში წაიყვანა და იქ, მთაში, ქვის ქოხში თაფლობის თვე გაატარეს. რაკიღა დედამ ციმბირში გამგზავრებაზე ცივი უარი განაცხადა, მამა იძულებული გახდა, საქართველოში დარჩენილიყო. მისი სპეციალობა აქ მოთხოვნადი არ აღმოჩნდა, ამიტომ მამა მეორე მექანიკურ ქარხანაში ოსტატად მუშაობდა და ფოტოგრაფიითაც სერიოზულად დაკავდა. იმ დროისათვის დედა აღარ მუშაობდა, საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. სამწუხაროდ, მშობლები ამქვეყნად აღარ არიან, 90-იან წლებში გარდაიცვალნენ. მამა საქართველოს შეეჩვია, უყვარდა აქაურობა, ბევრი მეგობარი შეიძინა – სომხები, ქართველები, რუსები... არასოდეს მსმენია მამისგან ან ბებიისგან, რომ თბილისში ნაციონალური საკითხი წამოჭრილოყოს. ასეთი რამ არ მომხდარა! თავადაც არ ვგრძნობ თავს უცხოდ. რუსეთში ქართველს მეძახიან. მეგობრები ზოგჯერ მეხუმრებიან ხოლმე – აი ჩვენი ქართველიც ჩამოვიდაო! აქ კი რუსი ვარ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. პრობლემა არ შექმნილა ენობრივი თვალსაზრისითაც. ბედმა გამიღიმა, ჩვენი ეზო „ქართული“ იყო. თავიდან სკოლაში საერთოდ არ ვესწრებოდი ქართულის გაკვეთილებს – არ მაინტერესებდა. ისედაც ყველაფერი ვიცოდი. ენა უკვე სამხატვრო აკადემიაში გავიწაფე, ფერწერის ფაკულტეტზე – რუსული განყოფილება იქ, უბრალოდ, არ იყო.
არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა – კორნელი სანაძე, დავით გაბითაშვილი, ჟორა ჯაში, მიტო ხახუტაშვილი – სამხატვრო აკადემიის მთელი ნაღები. ბევრი რამ მასწავლეს. მიუხედავად ამისა, უმაღლესის დამთავრების შემდეგ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და რით დამეწყო. ხელოვნებაში ხომ უამრავი მიმდინარეობაა. ერთი წელიწადი საერთოდ არ დამიხატავს, ხელი ჩავიქნიე. მიმაჩნდა, რომ ფერწერა აქტუალური აღარ იყო, აი კინო კი სულ სხვა საქმეა. მარტო კოლაჟებს ვაკეთებდი.
„მკრთალსახიანო, როდის დაქორწინდები?!“
– საუბარში ერთხელ სერგო ფარაჯანოვის გავლენა ახსენეთ თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდათ. მეგობრობდით?
– აკადემიის მესამე კურსზე გავიცანი, ჩემი მეგობრის – თემურ ტორჩინოვის წყალობით. მანამდე ფარაჯანოვის შემოქმედება არ აღმომეჩინა და ვერც კი გავაცნობიერე, რა საჩუქარი მიწყალობა ბედმა! სერგო სახლში მუშაობდა, სახელოსნო არ ჰქონდა. იმხანად საპატიმროდან გამოვიდა. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რისთვის დაისაჯა. ცხადია, ხმები ვრცელდებოდა ამის თაობაზე. თუმცა საკუთარ თავზე არ ვღელავდი, მე ეს, პრინციპში, არ მეხებოდა. სერგომ ჩინებულად იცოდა, ვისთან როგორ უნდა მოქცეულიყო. დღეს მესმის, რომ აკადემიაში სწავლა ერთი პროცენტია, მიზერი, ფარაჯანოვის „სკოლასთან“ შედარებით. ცხოვრების ბოლომდე მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ასე რომ, თამამად შემიძლია თავს მისი უმცროსი მეგობარი ვუწოდო. ის ძალიან ხელგაშლილი იყო, თავისებურად მზრუნველიც. მაგალითად, როცა დედა გარდამეცვალა, ქელეხში ცხვარი გამომიგზავნა. მატერიალურად მეხმარებოდა, ჩემს ნამუშევრებს ყიდულობდა და, სხვათაშორის, არცთუ იაფად. როგორც უკვე ვთქვი, ერთი წელიწადი მხოლოდ კოლაჟებს ვაკეთებდი. სერგო მთელი ცხოვრება იყო ამით დაკავებული, გადაღებებს შორის შესვენებებისას. გენიალურად გამოსდიოდა. ერთხელ ფარაჯანოვმა ჩემთან სტუმრობა გადაწყვიტა – კოლაჟების სანახავად. 82 წელი იდგა, ათკაციანი დელეგაციით მომადგა. მარტო არსად დადიოდა. ძალიან ვნერვიულობდი, ჩემს ნამუშევრებს როგორ შეაფასებდა. სერგო პირდაპირი ადამიანი იყო, შეეძლო მიუკიბ-მოუკიბავად ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა. განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე ხელოვნებას ეხებოდა – ვერავითარი სიმპათია და მეგობრობა ვერ გიხსნიდა! მოკლედ, არ ვმალავ, მეშინოდა. თუმცა ნამუშევრები მოეწონა, რაც ჩემთვის დიდ სტიმულად იქცა. მოეწონა პატარა ფერწერული ტილოც, აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემი პირველი ნამუშევარი, სახელწოდებით „მკვდარი ბეღურა“. რამდენჯერმე მთხოვა, „ბეღურა“ მომყიდეო. უარით ვისტუმრებდი, რაღაც იმგვარს ვეუბნებოდი, რომ დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, ვერ მივყიდიდი, რადგან „ბეღურა“ გამორჩეულად მეძვირფასებოდა! „მაშინ მათხოვე“, – მთხოვა სერგომ. უარი ვეღარ ვუთხარი.
– დაგიბრუნათ?
– დიახ, სამი თვის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში „ბეღურა“ მის სახლში ეკიდა, თუმცა – უკუღმა. ვკითხე, ასე უცნაურად რატომ დაკიდე-მეთქი, მან კი მომიგო: „ასე უფრო ფატალურია“. მახსოვს, როგორ შეიძინა სერგომ ჩემი ნამუშევარი „ორი მეძავი“. ტილოს გენიალური ნაწარმოები უწოდა, ისევე, როგორც ყველაფერს, რაც თვალში მოსდიოდა. 150 მანეთი შემომთავაზა, რაც ძალიან გამიხარდა. შეთანხმებისამებრ, მეორე დღეს მივაკითხე და 150-ის ნაცვლად სულ ხუთი მანეთი მომცა! ასე მაწვალა მთელი თვე; იცოდა, რომ ფულისთვის აუცილებლად მივაკითხავდი. თუმცა ისედაც ხშირად ვსტუმრობდი.
ერთხელაც, ვესტუმრე და გამლანძღა – სად დახეტიალობდიო. „როცა საჭირო არ არის (არანორმატიულ ლექსიკას გამოვტოვებ), სულ ზიხარ და ზიხარ... ეს-ესაა ვისოცკი წავიდა, მე კი ისე მინდოდა, ერთმანეთი გაგეცნოთ!“ ფარაჯანოვის წყალობით ურთიერთობის საშუალება მომეცა ძალიან საინტერესო ადამიანებთან: ბელა ახმადულინა, ალა დემიდოვა, მაია პლისეცკაია, ანდრეი ტარკოვსკი, მარჩელო მასტროიანი. სატირის თეატრი და „ტაგანკა“ ხშირად აწყობდნენ „ტუსოვკებს“ ფარაჯანოვთან. მსახიობები ჩემთან – ღარიბ სტუდენტთან, უბრალოდ, თავმდაბლურად ურთიერთობდნენ, პირქუში შირვინდტის გამოკლებით. სამწუხაროა, რომ ფოტოები არ შემომრჩა. სერგოს სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის, თუმცა ყველას ერთნაირად როდი ეპყრობოდა. ზოგიერთს ფარაჯანოვი უხიაკ ადამიანად მიაჩნდა. მისი იუმორი, სარკაზმი და ცინიზმიც კი, გაგებას საჭიროებდა. თუმცაღა ამასაც ერთობ შემოქმედებითაც აკეთებდა. ვუყურებდი სერგოს და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანია იდეა ხელოვნებაში. რასაკვირველია, ოსტატობა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ამის გარდა, არსებობს ხელოვნებაც. ეს კი სულ სხვა სფეროა, – გვიხსნიდა ფარაჯანოვი. შეიძლება მხატვარი იყო, მაგრამ შორს იყო ხელოვნებისგან. ასე არაა?
ფარაჯანოვი „მკრთალსახიანსა“ და, ვითომ შეცდომით, ტიმჩენკოს ნაცვლად, სსრ კავშირის მარშლის მსგავსად, ტიმოშენკოს მეძახდა. ხშირად მეხუმრებოდა, როდის უნდა დაქორწინდე, „მკრთალსახიანოო“?
თუ ის ვინმეს მიიღებდა, ბოლომდე გვერდით ედგა. სხვათაშორის, ფარაჯანოვის სიტყვები ყურად ვიღე და ორჯერ, მოკლე ინტერვალებით, დავქორწინდი! ჩემმა პირველმა მეუღლემ – მედეა წულაიამ ქალიშვილი – ლიზი მაჩუქა, რომელსაც ეს სახელი პეტერბურგელი ბებიის პატივსაცემად ეწოდა. მეორე ცოლის – ია კაჯერიშვილისგანაც ქალიშვილი მყავს, სალომე. როგორც ხედავთ, ორივე მეუღლე ქართველი მყავდა. ნაციონალური საკითხი ჩემს ოჯახში არ იდგა. მეორე ნახევრის არჩევა, პასპორტის გრაფის მიხედვით, არანორმალურია.
ესაუბრა დიანა შერეშაშვილი