აქტუალური
28 ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში კორონავირუსით დაინფიცირდა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების კონტიგენტიდან, 28 ჯარისკაცს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცები სამშობლოში სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე დააბრუნეს. უწყების ინფრომაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

ამასთან, უწყება აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფ სხვა ქართველს ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო მისიაში, ნატოს არაწევრი, უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. 38 ქვეყნის სამხედრო მისიაში, საქართველო 900-მდე ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.