უცხოეთი
რუსეთმა და ჩინეთმა სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადეს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს, ვეტო მეორედ დაადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიისა და ბელგიის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე ვეტოს დადებით, მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც დახმარების თურქეთის საზღვრის გამშვები პუნქტების გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი რუსეთისა და ჩინეთის გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

ცნობისათვის, რუსეთმა და ჩინეთმა გერმანიისა და ბელგიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის კანონპროექტს თურქეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების გავლით სირიისთვის დახმარების მიწოდების 1 წლით გახანგრძლივების შესახებ ვეტო პირველად რამდენიმე დღის წინ დაადეს. ამის შემდეგ მათ საბჭოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია შესთავაზეს, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისთვის თურქეთის მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის გამოყენებასა და აღნიშნული ოპერაციის 6 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, თუმცა კანონპროექტის დამტკიცება არ მოხდა, ვინაიდან, მის წინააღმდეგ ხმა შვიდმა ქვეყანამ მისცა, მხარი კი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ - რუსეთმა, ჩინეთმა, ვიეტნამმა და სამხრეთ აფრიკამ დაუჭირა. გერმანიამ და ბელგიამ საბჭოს კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების 6 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთისა და ჩინეთისთვის კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა.

interpressnews.ge