საზოგადოება
ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სამთო ტურიზმის სექტორში სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთისთვის 860 000 ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირეს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით.

აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 03.08.2020 (18:00 სთ თბილისის დროით). მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომლის საქმიანობის ძირითად ნაწილს პროექტით დაფარულ არეალებში წარმართავენ / უნდა წარმართონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ტურიზმი საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის.

პროექტ GRETA-ფარგლებში, ევროკავშირი, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს ეკონომიკის გაჯანსაღების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის გაფართოვების ხელის შეწყობის მიზნით. ჩვენი ყურადღება გამახვილდება ეკომეგობრულ და საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინიციატივებზე“,- აღნიშნა ჰარცელმა.

ამასთან, საქართველოში შვედეთის ელჩის ულრიკ ტიდესტრომის განცხადებით, ერთობლივი ევროპული ძალისხმევით, შვედეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ტურიზმის მდგრად განვითარებას საქართველოში.

ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქმნის სამუშაო ადგილებს. „კოვიდ-19“-ის კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამ სექტორს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მხარდაჭერის აქტუალობას. ტურიზმის განვითარების ინიციატივით, არჩეულ მუნიციპალიტეტებში, ჩვენ მიზნად ვისახავთ, შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა მდგრადი სამთო ტურიზმის სფეროში“, – აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ყურადღება გაამახვილა, რომ ავსტრიისთვის პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს მდგრადი სამთო ტურიზმის სფეროში საქართველოსთან კოლაბორაცია.

კრიზისის პერიოდში, ნათლად დავინახეთ, რომ აღნიშნულ სფეროში მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია. ტურიზმის განვითარების ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და აღნიშნულ სფეროში შემოსავლების გამომუშავებას შემდეგ რეგიონებში: სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ზემო იმერეთი. მიგვაჩნია, რომ რეგისტრირებული კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის / ფიზიკური პირებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და გამოცდილების გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ეკონომიკური სიტუაციის გასაჯანსაღებლად“, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები.

პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძსაზოლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ“, -ნათქვამია ინფორმაციაში.