საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაცით, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
მათივე თანხმობის შემთხვევაში ან/და საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ „პისიარ“-ტესტი.
ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
„საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.