საარჩევნო მარათონს ჩვენში, ფაქტობრივად, NDI-მ სტარტი უკვე მისცა. ამერიკულმა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საარჩევნო წელიწადი გახსნა და საჯარო გახადა პარტიული კვლევის რეზულტატი, პოლიტიკური სუბიექტების შედეგები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივა.
NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოდის, რომ პარტიული რეიტინგით პირველ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, მეორეზე – ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა, ხოლო მესამეზე – „თავისუფალი დემოკრატები“.„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ს მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, მმართველ გუნდს გამოკითხულთა 52 პროცენტი ენდობა, არარეალურად მიაჩნია.
როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმავე კვლევების მიხედვით გამოკითხულთა 44 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, ხოლო 17 პროცენტმა არ იცის, ცხოვრობს თუ არა დემოკრატიულ სახელმწიფოში. შესაბამისად, ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეუძლებელია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდეს მხარს.
„საკითხი არ დგას ამგვარად: ვენდობი თუ არა NDI-ს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ორგანიზაციას ვენდობით, მაგრამ თვითონ NDI-მაც და სხვა ორგანიზაციებმაც, ვინც ასეთ კვლევებს ატარებს, ძალიან კარგად უწყიან, რომ საქართველოში კვლევის ჩატარების ველი გაყალბებულია. გამოკითხულთა უმეტესობას ეშინია, დააფიქსიროს ისეთი პასუხი, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს შეუქმნის მას და მის ოჯახს. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ის, რომ ადამიანებს სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. რეალურად კი ხელისუფლებას 52-პროცენტიანი მხარდაჭერა საქართველოზე ბევრად განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებშიც კი არ აქვთ. ეს მონაცემი სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს და, მიუხედავად ყველაფრისა – წაგებული ომისა, ეკონომიკური გაჭირვებისა და სხვა, ხელისუფლებას მართლაც ასეთი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაშინ ამ ქვეყნის ყველა მოაზროვნე ადამიანმა ერთად უნდა მივმართოთ მსოფლიო ფსიქიატრებს და შველა ვთხოვოთ, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ასე არ არის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ მოსწონს არსებული ხელისუფლება და ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.