საზოგადოება
ზვიად სიჭინავა „ფეროს“ ადანაშაულებს
zestafoni-kldiashსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სპონსორ „ფეროს“, რომლის პრეზიდენტიც კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაიაა, ბრალდებას უყენებს. სიჭინავას თქმით, პირველი ვალი ფედერაციას „ფეროს“ გამო დაედო.
როგორც სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, ეროვნულ ნაკრებში ალან ჟირესის თავკაცობის დროს „ფერო“ ეროვნული ნაკრების სპონსორი იყო. როცა ფედერაციამ ფრანგ მწვრთნელს კონტრაქტი გაუწყვიტა, უეფამ გადასახდელად 108 ათასი ევრო დააკისრა. ფედერაციამ კი ამ თანხის გადახდა ნაკრების სპონსორს სთხოვა. „ხელთ მაქვს წერილი, სადაც ალექსანდრე ჩივაძე წერდა: „დაგვეხმარეთ, ვერ ვიხდით ჟირესის ხელფასს და შესაძლოა, შეგვექმნას პრობლემები“. პასუხი დადებითი იყო, მაგრამ ეს თანხა დღემდე არ გადაუხდიათ. ეს იყო ფედერაციის პირველი ვალი. შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ, რატომ არ შეგვაქვს სასამართლოში საჩივარი ამ კონტრაქტთან დაკავშირებით; – იმიტომ, რომ „ფეროში“ თავიდან ბოლომდე შეიცვალა ყველაფერი. იურისტებთან მიდის მოლაპარაკება, რის გაკეთება შეიძლება“, – ასეთია სიჭინავას ბრალდება „ფეროს“ მიმართ.
სფფ-ის პრეზიდენტმა კლუბის ახალწვეულებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა: „გრუიცასთან „ზესტაფონს“ პრობლემა დაწესებული გადასახადის გამო ჰქონდა და გაქვითვას ითხოვდა. ამბავიც ატყდა ამაზე. კი ბატონო, მივეცით რეგისტრაცია, თანხა ჯერ კიდევ გადასახდელია, მაგრამ ამ ფეხბურთელს ერთი შეხვედრაც კი არ უთამაშია“.
ის, რომ „ზესტაფონს“ ფეხბურთელის რეგისტრაცია სჭირდებოდა და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ ფედერაციაა, სადავო არაფერია. უბრალოდ, საინტერესო ის არის, რომ ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტი რატომ უნდა იყოს? გუნდს ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელსაც სჭირდება ფეხბურთელი თამაშის ნებართვით და როცა დასჭირდება, მაშინ გამოიყენებს მას.
„რაც შეეხება მენთეშაშვილის ტრანსფერს, ნებისმიერი ტრანსფერი უნდა მოგვარდეს კლუბსა და ფედერაციას შორის, რადგან ეს კლუბის კომერციული საქმიანობაა და თანხა შემოაქვს. ფედერაციამ გამოთქვა სურვილი, რომ ტექნიკური თვალსაზრისით დაეხმარებოდა იმერულ კლუბს. უეფადან ერთხელ უარი მოვიდა, ჩვენ ისევ მივწერეთ მათ და საქმე მიღებულია წარმოებაში. ეს საკითხი ჩვენ ნამდვილად არ გვეხება“, – განაცხადა სიჭინავამ.