საზოგადოება
„აირზენამ“ დაღუპულთა ცხედრები სამშობლოში ამ დრომდე ვერ გადმოასვენა

kongo3როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 4 აპრილს ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ ლაინერმა „სიარჯი-100“-მა კონგოში კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 4 ქართველი წევრიდან სამი – სულიკო ცუცქირიძე, გურამ კეპულაძე და ალბერტ მანუკოვი – შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
რა ტრაგედიაა ეს თითოეულის ოჯახისთვის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ყველაზე დიდი ტრაგედია კი თურმე ამ ოჯახებს წინ ჰქონიათ: „აირზენა“ ამ დრომდე დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებას ვერ ახერხებს. გარდაცვლილები ჯერ კიდევ კატასტროფიდან რამდენიმე დღეში უნდა ჩამოესვენებინათ საქართველოში, მაგრამ ექსპერტიზის მიზეზით ეს პროცესი გაჭიანურდა. ბოლო ინფორმაციით, სამშობლოში მათი ჩამოსვენება დღეს დილით, გამთენიას, უნდა განხორციელებულიყო. როგორც სულიკო ცუცქირიძის ახლობელმა გვამცნო, ეს პროცესი კვლავ გადაიდო.
„ოჯახი გაგიჟებულია. დაკრძალვა დღეს იყო უკვე დაგეგმილი. ახლა გვითხრეს, საბუთების გაკეთება ვერ ხერხდება და გადმოსვენება ოთხშაბათს მოხდებაო“.

პოლიტელიტის წარმომადგენლებმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმრის წიგნი გაუგზავნეს. უშველის კი გაუბედურებულ ოჯახებს ეს სამძიმარი?!
გავრცელებული ინფორმაციით, „აირზენას“ ერთი ლაინერი უკვე იმყოფება კონგოში, მეორე მზად არის, თბილისიდან გაფრინდეს, თუმცა აფრიკულ სახელმწიფოში მიმდინარე გამოძიებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის პროცესუალური ნორმების დაცვის მიზეზით, შეიძლება გადმოსვენების პროცესი დროში გაიწელოს. კონგოში დიდი პრობლემებია დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გადმოსვენება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონგოში ყველა საბუთი მზად იქნება.