საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. უცხოელი დამკვირვებლები შეუფერხებლად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
კობახიძის თქმით, დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ კარანტინს. მათთვის სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება.
„მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხელს უშლის რეგულარული ფრენების აღდგენას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.
„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ითხოვს მაქსიმალურად ყველაფრის გახსნას. მიზეზი არის მარტივი – ბუნებრივია, მათ ინტერესებშია, რომ ეპიდემია გავრცელდეს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათ სურთ არჩევნების გადადება. თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს არა ამ ნეგატიური განზრახვის შესაბამისად, არამედ საკუთარი არგუმენტებისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1 აგვისტოდან საქართველო გეგმავს საზღვრების გახსნას უცხოელი ვიზიტორებისთვის. ზუსტი ზომები, რომლებიც გატარდება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამ თარიღამდე გახდება ცნობილი.
ევროპამ, თავის მხრივ, 1 ივლისიდან გახსნა საზღვრები საქართველოსთვის - ქვეყანა იმ 15 უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც მინიმალური დაბრკოლებებით შეუძლიათ შენგენის ზონაში მოგზაურობა.