სამართალი
პური, ინტერნეტი და სანახაობა

beboროგორც ამ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, ჯართის შესაგროვებლად მინდორში გასულმა მოხუცმა ქალბატონმა შემთხვევით დააზიანა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც მთელ სომხეთსა და საქართველოს დიდ ნაწილს ინტერნეტმომსახურებას უწევდა. მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში მცხოვრები 75 წლის ბებო ვერც კი წარმოიდგენდა, რაოდენ დიდ ზიანს მიაყენებდა ორი ქვეყნის ინტერნეტმომხმარებელს. იგი გავრცელებულ კადრებში შეშფოთებული საუბრობს.

დასავლეთ ევროპიდან მომავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის მაკონტროლებელი სისტემის მიერ დაზიანების დაფიქსირებისთანავე უშიშროების სამსახურის ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გავიდა და ქალბატონი დააკავა კიდეც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მას თანამზრახველები არ ჰყავდა.

მოხუცმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ, უბრალოდ, ჯართს აგროვებდა. იგი ცდილობდა, მიწიდან ნიჩბით ამოეთხარა ლითონის მილი.

აიასტან შაქარიანის მიმართ აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“).

დამნაშავე უნდა დაისაჯოს! საკითხავი კი ის არის, ვინ არის დამნაშავე – სოციალური პრობლემა, რომელმაც მოხუცი ჯართის შესაგროვებლად ტყე-ღრეში გაიყვანა, თუ ამ მაგისტრალის „ცუდი შემნახავი“, რომელიც „ქურდზე უარესია?“

საინტერესოა, რამდენად იყო თავად მფლობელი ორგანიზაციის მიერ სამუშაო ნორმის ფარგლებში შესრულებული, რაც გულისხმობს მიწაში კაბელების გარკვეულ სიღრმეზე განლაგებას და ხომ არ ჰქონდა მისი მხრიდან დაუდევრობას ადგილი?

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს მიწის ზემოთ გამავალი მილები.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რომლითაც ინტერნეტი ევროპიდან საქართველოს გავლით სომხეთს მიეწოდება, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ საკუთრებაა. სომხეთისთვის ინტერნეტის ძირითადი მიმწოდებელი სწორედ შპს „რკინიგზის ტელეკომია“.

სხვა საქმეა, რამდენად სწრაფად მოედო ეს ამბავი მსოფლიოს.

რაც შეეხება „sky news“-ს, 8 აპრილამდე ჩვენი ქვეყანა 2008 წლის მოვლენების შემდეგ იქ არც კი უხსენებიათ. ამჯერად მოხუცმა მოახვედრა თავისი თავგადასავლით საქართველო „sky news“-ის ჰედლაინებში.

შსს პრესსამსახურის ცნობით, შაქარიანი ამ ეტაპზე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია, „მისი საპატიო ასაკის გათვალისწინებით“, მაგრამ დამატებითი ჩვენების მისაცემად შეიძლება გამოიძახონ.