საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2011 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელიც შემოსავლების - 350 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯების, დაახლოებით, 240 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს.
შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები - 6.304 მილიარდ ლარს, ხოლო ხარჯები 5.966 მილიარდ ლარს შეადგენს.
მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებებს საფუძვლად დაედო მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურად ზრდა, რაც თავდაპირველად დაგეგმილი 4.5%–ის ნაცვლად, 5.5%–იანი ზრდით განისაზღვრა. გასული წელს ეკონომიკის ზრდამ 6.4 % შეადგინა.ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 8 აპრილს დეპუტატებს განუცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკა შესაძლოა 6.5% ან 7%–ით გაიზარდოს, რაც "არის აბსოლუტურად რეალისტური“.
საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ნაცვლად დაგეგმილი 7%–სა, განისაზღვრა 8%–ით; ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 3,7%–მდე შემცირდა, თავდაპირველად დაგეგმილი მშპ–ის 4.3%–დან.
საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს 900 მილიონი ლარის (დაახლოებით, 527 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიას, რათა ეტაპობრივად მოხდეს 2008 წლის აპრილში გამოშვებული იმ 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომელთა გადახდაც ბიუჯეტს 2013 წლისთვის უწევდა.
“ამ მხრივ თვითონ სახელმწიფო ვალის მოცულობა არ გაიზრდება და დარჩება იგივე,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა, „უფრო მეტიც, ჩვენ ვარაუდობთ, რომ საბოლოო ჯამში გვექნება უფრო დაბალი პროცენტი და შესაბამისად, შემცირდება სახელმწიფო სესხის მომსახურების თანხები“.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, საშინაო ვალის ზრდასაც - 100 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით.
რაც შეეხება ხარჯებს, ყველაზე მეტ თანხას – 86 მილიონ ლარს – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს და მთლიანობაში მისი ბიუჯეტი წელს 1.692 მილიარდი ლარი გახდება. აქედან, 55.2 მილიონი ლარი პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას მოხმარდება, რასაც მთავრობა 1 სექტემბრიდან გეგმავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით 9 მლნ ლარს მიიღებს და მისი დაფინანსება წელს 79.9 მილიონი ლარი გახდება.
ქრისტიან–დემოკრატებმა გააკრიტიკეს მთავრობა იმის გამო, რომ "არ შეასრულა დაპირება“ აგრარული სექტორისთვის დამატებით 150 მლნ ლარის გამოყოფის თაობაზე. დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის ეს დაპირება არის "სურვილების კრებული და არა რეალობა“, რადგან „ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ სოფლის მეურნეობისთვის გაზრდილი თანხები“ ბიუჯეტში.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საუბარია 150 მლნ ლარის მოცულობის არასაბიუჯეტო პროგრამებზე და ამ თანხების „მოზიდვაზე სახელმწიფო მუშაობს“.
პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ ცვლილებების პროექტთან შედარებით, გარკვეული კორექტივები განიცადა სხვადასხვა სამინისტროების დაფინანსებამ.
კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წელს დაგეგმილი 30.3 მილიონი ლარის ნაცვლად, 40.7 მილიონ ლარს მიიღებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსებიდან 3 მლნ ლარი სამინისტროს ქალაქ გორში გადატანის მიზნით ახალი შენობის აშენებას, ხოლო დანარჩენი სახსრები დევნილთა სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ცვლილებების შედეგად დაფინანსება გაეზარდათ ასევე სხვა 10 სამინისტროს და უწყებას.
ამასთან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 118 მილიონი ლარიდან 146 მილიონ ლარამდე იზრდება.