საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ლიცენზიის ფლობას უკრძალავს და ასევე ითვალისწინებს მაუწყებელთა შემოსავლების გამჭირვალობას.
ფინანსურ გამჭირვალობაზე შეუთანხმებლობა დეკემბრის შემდეგ კანონპროექტის მიღების გაჭიანურების მთავარი მიზეზი იყო. კანონპროექტს მეორე მოსმენით დეპუტატებმა დღის პირველ ნახევარში უყარეს კენჭი.კანონპროექტში ფინანსური გამჭირვალობის კუთხით ასახულ სიახლეს წარმოადგენს ის ნორმა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თავად დაადგენს ანგარიშგების ფორმებს, რომლითაც მაუწყებლები ყოველწლიურად კომისიას წინა წლის ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ და აუდიტის დასკვნას. ორივე ამ ინფორმაციის წარდგენას მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებდა.
“ანგარიშგების ფორმებში, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის შემოსავლები რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულობებიდან ცალ–ცალკე,“– განაცხადა საკითხის ერთ–ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონპროექტის ციტირებისას.
ქრისტიან–დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმულირებები "არასაკმარისია“ და მოითხოვა ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კანონში ასახვა.
თუმცა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა არ იქნება გაზიარებული, რადგანაც ეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს გარკვეულ აუდიტორულ კომპანიებს და ავტომატურად გაზრდის აუდიტის მომსახურების ფასს, რისი გადახდაც, მისი თქმით, განსაკუთრებით რეგიონულ ტელევიზიებს გაუჭირდებათ.
ასევე ცვლილებების მიხედვით, ლიცენზიის მაძიებელს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის წარდგენაც ევალება და აღნიშნული სალიცენზიო პირობებად განისაზღვრება.
კანონპროექტში ასევე სიახლეს წარმოადგენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დავალდებულება, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ლიცენზიის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ტელევიზიებს თავიანთი ვებგვერდების მეშვეობით საჯარო გახადონ მფლობელების ვინაობა.
ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებს მოუწევთ 2012 წლის იანვრამდე თავიანთი მფლობელობის სტრუქტურა ახალ მოთხოვნებს შეუსაბამონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ყურებად ტელეკომპანიას, "რუსთავი 2“–ს ამის გაკეთება მომდევნო რვა თვის მანძილზე მოუწევს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ის აქციების 70 პროცენტის მფლობელია Degson Limited, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და რაიმე სხვა ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ მიუწვდომელია. ტელეკომპანიის 30 პროცენტს ფლობს ქართული ინდუსტრიული ჯგუფი – კონგლომერატი, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატმა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმამ დავით ბეჟუაშვილმა ჩამოაყალიბა.
მიღებული ცვლილებები ასევე ავალებს საქართველოს მთავრობას, 2012 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს წინადადებები აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე. ეს ტელევიზია ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც ეწინააღმდეგება კანონის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გუშინვე პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცალკე ცვლილებები, რომელიც ტელევიზიებს სარეკლამო დროის ლიმიტს უზრდის. კერძოდ, მაუწყებლებს საშუალება ექნებათ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20 პროცენტი დაუთმონ რეკლამას ან ტელეშოპინგს, აქამდე განსაზღვრული 15 პროცენტის ნაცვლად.