პოლიტიკა
ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აირჩიეს — კინწურაშვილი წინააღმდეგია

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე სამი კანდიდატი დაამტკიცა.

ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოს კანდიდატი ზაზა აბაშიძე დეპუტატებმა 98 ხმით აირჩიეს. აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელია, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს აკონტროლებს.

ბონდო მძინარაშვილმა, რომელსაც მხარს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები და რამდენიმე დამოუკიდებელი კანონმდებელი უჭერდნენ, 95 ხმა მიიღო. მძინარაშვილი ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორია.

მმართველი პარტიის კანდიდატს გია მურღულიას კი – ხმა 92-მა დეპუტატმა მისცა. მურღულია განათლების სამინისტროს სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრია.

კენჭისყრამდე ჟურნალისტებითა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის ათიდან რვა კანდიდატი შეარჩია. ამის შემდეგ სია განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, მათგან სამს საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს, სამს – ოპოზიცია, ორს – სახალხო დამცველი, ხოლო ერთს – აჭარის უმაღლესი საბჭო.

პარლამენტში წარდგენილ კანდიდატს დასამტკიცებლად მხარი დეპუტატების უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადებით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი „პროცედურული დარღვევებით“ მიმდინარეობდა, ვინაიდან პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა საჭიროზე ერთით ნაკლები იყო, კანონის თანახმად კი – პარლამენტს ასარჩევზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატურა უნდა წარედგინა. ორგანიზაციამ პარლამენტს შერჩევის პროცესის შეჩერებისა და ხარვეზის გამოსწორებისკენ მოუწოდა.

„მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა კი განაცხადა, რომ მძინარაშვილი იმ ტელეკომპანიაში მუშაობს, რომელსაც „ღიად ანტიდასავლური შეხედულებები“ აქვს და მსგავსი შინაარსის გზავნილებს მედიაში თავადაც ხშირად ახმოვანებს.