მანვე ღონისძიებაზე კონკრეტული მაგალითიც დაასახელა და წარმოადგინა „სკაიპში“ ორ პირს შორის შემდგარი დიალოგი, რომლებიც, ბათიაშვილის თქმით, ვაკისა და გლდანის წინააღმდეგობის კომიტეტების წევრები არიან. საუბარში „სახალხო კრებას“ ლაშა ამირიძე და ალექსი ასათიანი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აგინებენ.
„საუბრის შედეგად გამოვლინდა მათი თანამშრომლობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან. მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ძალიან უნიჭო ნამუშევარი. „სახალხო კრება“ არის საზოგადოებრივი ინსტიტუტი და ნებისმიერი მსგავსი ქმედება საზოგადოებრივი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად კანონგარეშე“, – აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, დიალოგის გაშიფვრის შემდეგ ეს პირები სახალხო კრების საბჭომ დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუმცა ამირიძემ და ასათიანმა თავისმართლება ვერ მოახერხეს და ისინი კომიტეტებიდან უკვე გარიცხულები არიან.
ბუნებრივია, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, შეგზავნოს აგენტები ისეთ ორგანიზაციებსა თუ პარტიებში, რომლებსაც ნამდვილ ოპონენტებად ან მტრებად მიიჩნევს. ის ფაქტი, რაც „სახალხო კრებაში“ მოხდა, თითქმის მთლიანად აქარწყლებს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია ხელისუფლებასთან არის შეკრული. კრებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტების აღმოჩენა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ორგანიზაციის სახით ოპონენტს ხედავს. თუმცა საზოგადოების ინტერესს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იწვევს, რაც „სახალხო კრებისა“ და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე კითხვას ბადებს – საიდან აქვს ბათიაშვილს ინფორმაცია, რომელზეც ხელი, ფაქტობრივად, მხოლოდ შსს-ს მიუწვდება და ისიც – აშშ-ის მიერ ნაჩუქარი სპეციალური აპარატურის გამოყენებით?!
ლოგიკით თუ მივყვებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ორი ვარიანტის განხილვას აქვს აზრი. კერძოდ, აგენტების შესახებ ინფორმაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელ ირაკლი ბათიაშვილს შსს-დან მისმა ან „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მეუღლის – ბადრი ბიწაძის ძველმა მეგობრებმა მიაწოდეს, რომლებიც, ამავე დროს, შესაძლოა, კრების იდეის მხარდამჭერებადაც მოიაზრებოდნენ. არც ის არის გამორიცხული, „სკაიპის სკანდალი“ კიდევ ერთი ფარსი იყოს იმის დასამტკიცებლად, რომ „სახალხო კრება“ ხელისუფლებასთან შეკრული არაა. პირველი ვარიანტის რეალურობის შემთხვევაში, ალბათ, კრების რეიტინგის აწევას უნდა ველოდოთ, თუმცა თუ კრების წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტული სახელი და გვარი თუ არა, ზოგადად, წყარო მაინც არ დასახელდება, კრების „სახალხოობა“ უკვე ეჭვქვეშ დგება.
ბუნებრივია, ამ საკითხით ჩვენც დავინტერესდით და კითხვებით, რაღა თქმა უნდა, სახალხო კრების წარმომადგენელს, აგენტების შესახებ ინფორმაციის გამხმიანებელს – ირაკლი ბათიაშვილს დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ირაკლი ლექციაზე აღმოჩნდა, სააგენტოს კითხვებმა მაინც დააინტერესა. ჩვენ მას ერთადერთი კითხვით მივმართეთ: „ვისგან მიიღო ინფორმაცია და დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ წინააღმდეგობის კომიტეტში ხელისუფლებამ აგენტები შეაგზავნა?“ ბათიაშვილის პასუხი კი ასეთი იყო: „მე მომაწოდეს ეს ინფორმაცია და გავახმიანე. რა უფრო საინტერესოა – ვინ მომაწოდა ინფორმაცია, თუ ვინ და რა მიზნით შემოაგზავნა ჩვენთან აგენტები? მთავარი ამ ამბავში სწორედ ეს უკანასკნელი საკითხია“, – განუცხადა საქინფორმს ბათიაშვილმა.
საქინფორმის კორესპონდენტი შეეცადა, მისგან უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიეღო, თუმცა ბათიაშვილმა ლექციაზე ყოფნა მოიმიზეზა და გვთხოვა, 3 საათში დავკავშირებოდით. მიუხედავად დაპირებისა, ჩვენ შორის საუბარი აღარ შემდგარა, რადგან კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა საქინფორმის ზარებს აღარ უპასუხა, რასაც ის ადამიანებიც დაადასტურებენ, რომელთაც მისთვის აგენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალუძთ.