სამართალი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა 9-დან 5-მდე შემცირდა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა 9-დან 5-მდე შემცირდა. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავინდებურად პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ვიცე-სპიკერს, ორი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით აირჩევა, ხოლო ორი - ოპოზიციის. მათი არჩევა მოხდება ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

გარდა ამისა, იცვლება საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც. რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება. საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე (არსებობის შემთხვევაში).