საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. რა მიმართულებით წავა გამოძიება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცხადი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე.
მინისტრმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.
თუმცა გომელაურმა ისიც აღნიშნა, რომ ბევრ კითხვას ექსპერტიზა უპასუხებს.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა ეს და, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს... ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ ვერ ვისაუბრებ ბევრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართულები ვართ ყველა – პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება, ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება", – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, ამჟამად გამოძიება მიდის იმ მიმართულებით, „რის საშუალებასაც გვაძლევს ფაქტები".
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რადგან ბრალდებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება" გამოიძახა.
მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი გარჩევის ადგილს მოსცილდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
Sputnik-Georgia