საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე დარჩა, რომლებმაც ვერ მოასწრეს ქვეყნიდან გასვლა. ყველა მათგანს აქვს უფლება, ლეგალურად იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის 2015 წლიდან საქართველოში უვიზოდ ყოფნა ნებადართულია ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს, არსებითად, ნიშნავს, რომ რუს ტურისტს, მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტით, ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლია იყოს 365 დღის განმავლობაში.
„რუსეთის მოქალაქეების ნაწილი პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა; უკვე რამდენიმე თვეა აქ არიან. ლეგალურად არიან და აქვთ აქ ყოფნის უფლება, ვადა არ გათავებიათ ქვეყანაში ყოფნის და მათ იძულებით ვერ გავუშვებთ", – განაცხადა გომელაურმა.
ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა იანვრის დადგენილებაში უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადების შესახებ და ეს ვადა 31 ივლისამდე გააგრძელა.
ცვლილებები ეხება იმ პირებს, ვინც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველომ საზღვრები გახსნა რუსეთთან. მინისტრის თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება კვლავ აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, მათთან ერთად მათი ოჯახების წევრებს, თუნდაც ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.