საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას.
„ეს ცვლილებები მიღებული იყო 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად, რომელიც მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა. ცვლილებები წაახალისებს სტაბილურობის განმტკიცებასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომებრში დაგეგმილ საპარალმენტო არჩევნებზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეიცავს ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაცებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეფექტურად აამოქმედოს ასეთი კანონმდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს.
„წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღე. აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებაში, საარჩევნო პრაქტიკაში, კანონის უზენაესობაში, ისევე როგორც უფრო ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, რაც არის საუკეთესო თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.