პოლიტიკა
ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი - გიორგი გახარია

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ექვსი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

მისივე თქმით, დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის – თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.