უცხოეთი
ანჯეი დუდა - რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათწლეულებში გამოცოცხლდა, იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წელს დაესხა თავს

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. 2014 წელს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ყირიმის ანექსია მოახდინა, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე კი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფნა ევროპაში „უსაფრთხოების უზარმაზარი გარანტიაა“ და აღნიშნა, რომ მზადაა, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ამერიკელი სამხედროს მისაღებად.

2014 წელს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ყირიმის ანექსია მოახდინა, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე კი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს პოლონეთში ნატოს ჯარების, აშშ-ის ჯარების ყოფნა ცხადყოფს, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი სერიოზულად განიხილება. ეს ცხადყოფს, რომ თუ ვინმეს პოლონეთზე თავდასმა მოუნდება, მას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს, ვინაიდან მსოფლიოს უძლიერესი არმიის ნაწილი აქ არის და ის პოლონელ ჯარისკაცებს საზღვრების დაცვაში დაეხმარება, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება. 100 წლის წინ ჩვენ რუსები ვარშავიდან განვდევნეთ. არ გვსურს ამ სიტუაციის განმეორება. მიხარია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ესმის ევროპაში არსებული რეალობა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათ წლეულების განმავლობაში გამოცოცხლდა, იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წელს დაესხა თავს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამავე კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ამერიკელი სამხედროების ნაწილი, სავარაუდოდ, პოლონეთში იქნება დისლოცირებული.