საზოგადოება
ლატვიაში ქართული ღვინის ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები, – ამ სახელწოდებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეორგოლი, სოციალურ მედიაპლატფორმებზე: „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „იუთუბი“ შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები; სარეკლამო რგოლები გადის ადგილობრივ რადიო ეთერებში; სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.

მსგავსი ფორმატის მარკეტინგული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი, ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს. სარეკლამო აქტივობებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „თრაიბ ინტერშეიშენალი“ (TRIBE INTERNATIONAL) ახორციელებს.