სამართალი
სოციალიზმი განათლების სფეროში

zugdidis-skola_200_200საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„ახლახან საქართველოს პარლამენტში შეტანილმა ცვლილებამ კერძო სკოლების ვადამდელი ავტორიზაციის შესახებ საგონებელში ჩააგდო კერძო სკოლების მეპატრონეები.

მათი ფუნქციონირების შესახებ კანონი 1997 წელს მაშინდელი მთავრობის მიერ იქნა მიღებული. 2005 წელს „ვარდოსანმა ხელისუფლებამ“ ყველა ლიცენზირებულ და კერძო სკოლას 2009-10 წწ. მისცა მოქმედების ვადა, მაგრამ 2009 წელს საქართველოს პარლამენტმა ეს ვადა კერძო სკოლებს 2014-2015 სასწავლო წლამდე გაუგრძელა. ახლა პარლამენტში კი ისევ შეტანილია ცვლილება კერძო სკოლების ვადამდელი ავტორიზაციის შესახებ. საქართველოში 300-მდე კერძო სკოლაა და ავტორიზაციისათვის შესატანი თანხა 6000 ლარს შეადგენს, თანაც არც ერთ სკოლას არ აქვს ავტორიზაციის გავლის გარანტია.

დღემდე განათლების სამინისტროს საჯარო სკოლების ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული არც ერთი სკოლის შენობა გასაყიდად ან საიჯაროდ არ გაუტანია აუქციონზე და, ამდენად, არც ერთ კერძო სკოლას არ აქვს საკუთარი კორპუსი. განათლების სამინისტროს კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობისათვის არასოდეს უფიქრია, თუმცა ეს კანონით ევალება, სამაგიეროდ, სოციალიზმი უნდა დამყარდეს განათლების სფეროში და მხოლოდ საჯარო სკოლები უნდა დარჩეს, რადგან ავტორიზაციას საკუთარი კორპუსის გარეშე ვერცერთი კერძო სკოლა ვერ გაივლის. ზუგდიდში ამჟამად 6 კერძო სკოლა ფუნქციონირებს და, ავტორიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ალბათ ყველა შეწყვეტს არსებობას.

მაინც, რამ განაპირობა განათლების სამინისტროს სასწრაფო გადაწყვეტილება კერძო სკოლების ავტორიზაციის თაობაზე? ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვიზიარებს განათლების დარგის ზუგდიდელი ექსპერტი საბა ქორიძე: „განათლების სამინისტრო გადააკვდა საჯარო სკოლების მორთვა-მოწყობას, მათ ეგზავნებათ ყველაფერი, რაც კი სჭირდებათ: კაბინეტ-ლაბორატორიები, კომპიუტერები, სასწავლო ინვენტარი და, რაც მთავარია, გაზრდილი ვაუჩერები. მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებმა ვერ შეძლეს მთავარი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების მინიმალურ დონემდეც კი სწავლება, ამ მხრივ კერძო სკოლებში სასწავლო საგნების სწავლება მაღალ დონეზე დგას, რასაც საჯარო „პრესტიჟული“ სკოლებიდან საუკეთესო მოსწავლეების კერძო სკოლებში გადასვლაც ამტკიცებს. ბავშვები საუკეთესო გარემოს მქონე საჯარო სკოლებიდან ცოდნის მისაღებად ღარიბი მატერიალური ბაზის მქონე კერძო სკოლებში არჩევენ სწავლას. ამის გამო სამინისტრო თვითონ აღმოჩნდა უდიდესი პრობლემის წინაშე, კერძოდ, კარზე მომდგარ საატესტატო გამოცდებს სამინისტროსგან მიტოვებული კერძო სკოლების მოსწავლეთა 90%-ზე მეტი ჩააბარებს, ხოლო სამინისტროს ფავორიტი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მხოლოდ 10-15%-ს აქვს ჩაბარების უნარი. სწორედ ამიტომ განიზრახა განათლების სამინისტრომ, სამაგალითოდ დასაჯოს კერძო სკოლები ვადამდელი ავტორიზაციით. ამით მყარდება სოციალიზმი ამ სფეროში – თუ არ იქნება კერძო სექტორი, არ იარსებებს ჯანსაღი კონკურენცია საჯარო და კერძო სექტორს შორის. ამით საჯარო სკოლები მანც ვერ განვითარდება“.

საატესტატო გამოცდებამდე თვეზე მეტი დარჩა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას ჯერ კიდევ ბევრი უკლია. არ არის საკმარისი კომპიუტერები, ვერ ამონტაჟებენ ვიდეოკამერებს. ამიტომ ყოველი რაიონი დაიყო 4-5-კილომეტრიან ზონებად. ამ ზონაში მოხვედრილი სკოლების მოსწავლეები ერთ სკოლაში ჩააბარებენ გამოცდებს. თუ როგორ უზრუნველყოფენ გამოცდებზე სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ბავშვების დროულად მოყვანას, ჯერჯერობით უცნობია“.