საზოგადოება
400-ზე მეტ უცხოურ კომპანიას საქართველოში წარმოების გადმოტანაზე ვესაუბრებით - ნათია თურნავა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო უცხოური კომპანიების წარმოების გადმოტანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, რადგან დაბალი გადასახდების მქონე ქვეყანა და ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა. ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს პლიუსებს სატრანსპორტო დერეფანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიეკუთვნება, რომლებიც კორონავირუსის მიუხედავად არ შეჩერებულა. ამის მიუხედავად, მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პოტენციურ ინვესტორებს უფრო დეტალური და მათზე ორიენტირებული პირობები უნდა შესთავაზოს.

აუცილებელია, რომ ამას ზევიდან დაემატეოს კონკრეტული, ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ პოტენციურ კომპანიასთან, ვინც შეიძლება დივერსიფიკაციაზე (წამოვიდეს), თითოეულს უნდა მივაწოდოთ ხმა. ამიტომ წამოვიდა ეს 400, 400-ზე მეტია რეალურად, მულტინაციონალური, უცხოური კომპანია, რომელსაც პოტენციალი და ინტერესი გააჩნია, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია, შეიძლება დაინტერესდეს საქართველოში წარმოების გადმოტანით“, - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, ამ თემაზე მას პირადად კვირაში რამდენიმე ვიდეოშეხვედრა აქვს, მათ შორის კომპანიებთან Nokia და Nestle. ამასთან, თურნავა აღნიშნავს, რომ გლობალურად ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, ამიტომ შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიღებს შედეგს, თუმცა მარტივი არ არის. ბევრი ქვეყანა ხედავს იგივე შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობები არის ლიმიტირებული დროში, ანუ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რამდენიმე კომპანიის ახალი პროექტის შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაიგოთ“, - აღნიშნა თურნავამ.