საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანიას Frontera Resources Corporation საბადოებზე მუშაობის გასაგრძელებლად მოლაპარაკებისა და კომპრომისის გამონახვისკენ მოუწოდებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.
ამერიკულმა კომპანია „ფრონტერამ“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 2020 წლის აპრილში დავა წააგო სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან. მაისის დასაწყისში ქართულმა მხარემ კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ავტომატურად გაუქმდება მიმდინარე წლის 27 ივლისს – ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე.
კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში ამერიკულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა წერილით, რომელშიც ქვეყანა დაადანაშაულა ამერიკული ინვესტიციების დისკრიმინაციაში და იმაში, რომ ის ამოფარებულია დემოკრატიულ ფასეულობებს, რათა აშშ-სგან თანხები მიიღოს. გარდა ამისა, კომპანიამ უკმაყოფილება გამოთქვა კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც კომპანია საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილად მიიჩნევს.
„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
„ფრონტერასთან“ დავის საგანი
Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში.
კომპანია „ფრონტერას“ საქართველოში ორი ლიცენზია აქვს – ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლებისა და ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიები.
კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობს ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა“ არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.
საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენდნენ.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.
სხვა საკითხთა შორის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ მნიშვნელოვნად დაარღვია კონტრაქტი, რაც გამოიხატა უარით, დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის გამოსაკვლევი ტერიტორიები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ფრონტერამ“ „კორპორაციას“ უნდა გადაუხადოს მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის, ასევე სასამართლოს ხარჯი.
Sputnik-Georgia