პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „მედიაბაზრის მრავალფეროვნებისკენ“ მოუწოდებს

komunikaciebi-1საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (სკეკ) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საპასუხოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სკეკ-ს მოუწოდა, „ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი მიანიჭოს ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს“.

კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესი საქართველოში საგრძნობლად დაეცა და მაყურებელთა უმეტესობა უპირატესობას გასართობ და მუსიკალურ შოუებს ანიჭებს. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიების მაძიებლებისთვის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს. კვლევის საფუძველზე ახალი სამაუწყებლო პრიორიტეტების დამტკიცებას კომისია 18 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შიშობს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლებელია, საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ლიცენზიებზე უარის სათქმელად გამოიყენოს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც საინფორმაციო გადაცემების, პოლიტიკური დებატების, საგამოძიებო ფილმების ან სხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების მაუწყებლობას გადაწყვეტენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 7 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის საბჭო მომავალი წლების სალიცენზიო პრიორიტეტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღებს საქართველოს სატელევიზიო ბაზრის რეალობას, რომელიც გასართობ პროგრამებს მრავლად გვთავაზობს, მაგრამ ჟურნალისტური კონკურენციის ნაკლებობას განიცდის. ასევე, მწირია რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციამ, ასევე, მოუწოდა კომისიას, კვლევის დეტალური შედეგები, მათ შორის, მისი ზუსტი მეთოდოლოგია და სრული მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს თავის ვებგვერდზე.