საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თავისი მომხრეების 5 ათას ხელმოწერას შეაგროვებს. შესაბამისი შესწორება შეტანილია კონსტიტუციაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელს ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ხელმოწერების რაოდენობის 25-დან 5 ათასამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ბევრად არის განპირობებული კორონავირუსის პანდემიით, განაცხადა დეპუტატმა.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ პარტია, რომელმაც 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში სულ ცოტა 15 ათასი ხმა მიიღო, ხელმოწერების შეგროვებისგან თავისუფლდება.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ხელმოწერების შეგროვებისგან გათავისუფლებულია სულ 22 პარტია – 19 კვალიფიციური და სამი დამატებითი სუბიექტი.
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია ის პარტია, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების მინიმუმ 3% მიიღო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
არაკვალიფიციურია საარჩევნო სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოსგან დოტაციას არ იღებს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სავალდებულო ხელმოწერების რაოდენობა მხოლოდ ერთხელ – 2020 წელს შემცირდება.
„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ძირითად დებულებებში დადგენილია ნორმა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ავტომატურად ენიჭება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი მისი წარდგენით არჩეული დეპუტატით. სხვა პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ უკვე 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი დაბლა დაგვეწია ერთჯერადად, რაც განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ამ პანდემიის გათვალისწინებით. 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება ევალება პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ. დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ.
ამ შესწორებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი.