საზოგადოება
ფერმერები მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ

alazani_miwebiფერმერები, რომლებიც სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში მდინარე ალაზნის ნაპირზე სახნავ-სათეს და საძოვარ მიწებს ფლობენ, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მთაში თოვლის დნობის გამო მდინარე ალაზანში წყლის დონემ მოიმატა, ადიდებულ მდინარეს კი მიწის ნაკვეთები მიაქვს.

„ალაზანი ყოველწლიურად ზემოთ იწევს და ტერიტორიები მიაქვს. განსაკუთრებით, გაზაფხულზე, როცა ინტენსიურად წვიმს ხოლმე, დღეში თითქმის 25-30 მეტრ მიწას გლეჯს. ხუთი წლის წინათ ალაზანი იმ ტყის ადგილზე მოდიოდა. როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებული, მაგრამ ამჟამად 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, სოფელ ანაგის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეისათვის კი მხოლოდ 30 მეტრია დარჩენილი. ორი ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მდინარის გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ჩვენ, ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ. საქართველოს მხარეს ალაზანი ნაპირებს ამჟამადაც ინტენსიურად რეცხავს. მდინარე საფრთხეს კიდევ ერთ მეანდრას (ყურეს) უქმნის“, – განაცხადა ფერმერმა ნინო ფხოველიშვილმა. მისივე თქმით, მდინარე აზერბაიჯანის მხარესაც რეცხავს ნაპირებს, მაგრამ ნგრევის საწინააღმდეგოდ აზერბაიჯანის მხარე მდინარის ნაპირებს ამაგრებს. „ლოდებს, ქვებს ყრიან. კალაპოტს მიმართულებას აძლევენ. ერთ დღეში შეიძლება ასი მანქანა ქვა დაცალონ. ფაქტია, რომ ინტენსიურად ამაგრებენ ტერიტორიებს“, – ამბობს ფერმერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეროზიის პრობლემა მდინარე ალაზანს რამდენიმე ათეულ კილომეტრ მანძილზე გასდევს და მისი აღმოფხვრა არსებული ბიუჯეტის პირობებში წარმოუდგენელია. მისივე განცხადებით, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება 2011 წელს დაგეგმილი არ არის.