საზოგადოება
2019 წლის 20-21 ივნისი ხელისუფლების დამხობის ოპერაცია იყო - „ქართული ოცნების“ განცხადება

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში, – ამის შესახებ ნათქვამია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას, წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას.

დემოკრატიული მმართველობის პირობებში, ეს, ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს, ჩვენ, არამხოლოდ საქართველოში ვხედავთ. რასაკვირველია, ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება. დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი.

შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მონაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები შეგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი.

2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო – მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე. ეჭვგარეშეა, რომ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ემოციები დალექილია და ცივ გონებაზე შეგვიძლია ფაქტების განსჯა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ, ეფექტურ და საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ და ძალაუფლების დაბრუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ძალებს შორის.

პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წარმატებულმა ბრძოლამ ეს განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო გახადა: „ქართული ოცნების“ ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საზოგადოების კონსოლიდაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელიც, ამ პირობებშიც საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების დაზიანებაზე იყო ორიენტირებული, რაც ცხადია, არ გამოუვიდათ ისევე, როგორც არ გამოუვიდათ და არასდროს გამოუვათ არეულობის ნებისმიერი მცდელობა. ნდობადაკარგული და სრულიად გაკოტრებული ძალები ვეღარასდროს ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას და ვეღარ იძალადებენ ხალხზე.

ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას, წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას. ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში“, – აღნიშნულია განცხადებაში.