საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, საკონსტიტუციო პროცესი უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ეს ქვეყანას შეეფერება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დონალდ ტუსკის განცხადების შესახებ ჟურნალიტების კითხვის პასუხად.
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა და ევროპის საბჭო ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა.
„ევროპის სახალხო პარტია“ მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, როგორც ფუნდამენტურ შესაძლებლობას დაძაბულობის შესამცირებლად. ამავე დროს, კვლავ შეშფოთებული ვართ იმით, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მთლიანად შეასრულოს შეთანხმება და გაათავისუფლოს რურუა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა Twitter–ში.
გახარიას განცხადებით, კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე უნდა იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ.
„არაერთხელ მითქვამს, რომ სააარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი“,– განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებას მმართველ პარტიასთან 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ერთ–ერთ პირობად განიხილავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ რურუას გათავისუფლება არის საარჩევნო სისტემის რეფორმაში იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობა, რომელთა გათვალისწინებით უნდა გაიმართოს 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები.
გიორგი რურუა (კულტურის ყოფილი მინისტრის, აწ გარდაცვლილი ნიკა რურუას ძმა) გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თვად რურუა აცხადებს, რომ ამ საქმეში დაზარალებული მხარეა.