პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაის მიაჩნია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა „სწორი მიმართულებით მიდის“

apaturai2თბილისში მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ 7 აპრილს შეხვედრები გამართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან.

ქართულმა მხარემ მიმდინარე პერიოდისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა, ასევე, მოისმინა ჯეიმს აპატურაის წინადადებები.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დაინიშნა გასული წლის ბოლოს, 1 დეკემბრიდან კი შეუდგა მოვალეობების შესრულებას, შეცვალა რა ამ თანამდებობაზე რობერტ სიმონსი, რომელიც ამ პოსტზე იყო 7 წლის განმავლობაში.

პირველი შეხვედრა ჯეიმს აპატურაიმ გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასპირანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებთანაც საუბარი წარიმართა ინტერაქტიური ფორმით.

სახელისუფლო სტრუქტურების ხელმძღვანელთა გარდა, ჯეიმს აპატურაი შეხვდა ოპოზიციურ „რვიანს“, სადაც საუბარი შეეხებოდა ქვეყნის პრობლემებს დემოკრატიის განვითარებასთან მიმართებაში და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების აუცილებლობას.

რეფორმების პროცესი საქართველოში და ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მთლიანობაში, „სწორი მიმართულებით მიდის“ და ახლა ორივე მხარეს „ამ წარმატების გაძლიერება სჭირდება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველო „ძალიან ბევრს მუშაობს“, რათა ალიანსში გაწევრებისთვის საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. მან, ასევე, განაცხადა, რომ არსებობს „აშკარა პროგრესი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ „მეტია გასაკეთებელი“.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს დაპირება საქართველოს მიმართ, რომელიც ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აიღო და რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ალიანსის წევრი, „არა მხოლოდ არ შეიცვალა“, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა ნატოს ლისაბონის სამიტზე ნოემბერში.

„ნატო კომპრომისს არ დაუშვებს, როდესაც საქმე ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება; ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ძალიან ურყევი პრინციპებია, რომელთაც ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, 14-15 აპრილს ბერლინში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები განიხილება, არამედ საკითხთა უფრო ფართო ნუსხა.

„ეს არის ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებისა და სიმწიფის ნიშანი; ეს ურთიერთობები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ორმხრივი [კავშირები]“, – განაცხადა მან და ამავე კონტექსტში საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 40-მდე დაიჭრა ავღანეთში მას შემდეგ, რაც საქართველო 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით „სიტუაცია დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო 2009-2010 წლებში“.

ნატოსთან მიმართებით საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმები ასახულია ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme - ANP). რეფორმათა ამ ნუსხას ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება ადგენს, მათ შესრულებას კი ნატო აფასებს. ბოლო ასეთი დოკუმენტი, რომელიც კლასიფიცირებულია და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, საქართველოს მთავრობამ თებერვალში წარუდგინა ალიანსს.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ნატო არც წყვეტს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ და არც თავზე ახვევს ამ გადაწყვეტილებებს; საქართველო თავად ირჩევს საკუთარ პრიორიტეტებს... ხოლო ჩვენ მას ვეხმარებით“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, პოლიტიკური კუთხით, მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნები და მოლაპარაკებები საარჩევნო კოდექსზე.

„რაც შეეხება თავდაცვის რეფორმას, – განაგრძო აპატურაიმ, – მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის [სამინისტროს] საბიუჯეტო ვითარება არ არის მარტივი; შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ხდება ყველა ჩვენს დანარჩენ ქვეყანაშიც“.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ეფექტიანობის გაზრდა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც შეზღუდული რესურსებია და, მეორე მხრივ, აუცილებელია იმ სწორი ნიშის პოვნა, რომელზეც ქვეყანა ფოკუსირებას მოახდენს თავდაცვის სისტემის განვითარებისას.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას – გააუმჯობესოს სამხედრო განათლების სისტემა, თავდაცვის სტრუქტურები, [ალიანსთან] ურთიერთთავსებადობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ორი – პოლიტიკური და თავდაცვის რეფორმები – ის „პრინციპული სფეროა“, რომლებშიც ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მას – დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები.

თბილისში მარტის ბოლოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის სემინარზე“ სიტყვით გამოსვლისას ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ თავისი არსით ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ფაქტობრივად, იგივეა, რაც წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), რომლის მიღებაზეც 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს უარი უთხრეს.

„მათ, ვინც იცის მისი არსი, იციან, რომ წლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც ამჟამად საქართველო ახორციელებს, იგივე დე ფაქტო წევრობის სამოქმედო გეგმაა [MAP] – საკითხების იმავე სპექტრით, უკუკავშირის იმავე მექანიზმებით“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

მისი თქმით, გაწევრების შესახებ გადაწყვეტილება „ყოველთვის პოლიტიკურია და არა ტექნიკური“ და სანამ ეს დრო მოვა, საქართველომ „წინსვლა და რეფორმების განხორციელება უნდა განაგრძოს“. მისი თქმით, საქართველო რეფორმებით არ უნდა „გადაიღალოს“ და მაქსიმალურად გამოიყენოს ნატოსთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები.

ლინკევიჩიუსმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, თავდაცვის რეფორმებთან ერთად, მოიცავს „დემოკრატიულ პაკეტსაც“, მათ შორის, საარჩევნო კოდექსს, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიამფლობელობის საკითხებს.

„საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, ყველა ამ სფეროში პროგრესს მიაღწიოს“, – განაცხადა მან.

თბილისში 7 აპრილს ნატოს სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა მექანიზმი აქვს.

„ჩვენ გვაქვს რეალურად იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდით ბუქარესტის სამიტისგან – გვაქვს წლიური ნაციონალური პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია, რაც არის (ასე შინაურულად საუბრობენ ნატოში) „MAP-ს პლუს“ მექანიზმი. ამიტომ ველით, რომ ეს მექანიზმი არ შეიცვლება, რადგანაც არ არის საჭირო. საქართველოს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გააგრძელოს აქამდე ნატოს მიერ პოზიტიურად შეფასებული დემოკრატიული და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები და გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა ბარამიძემ.

ნატოს 2010 წლის ლისაბონის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და, ასევე, ძალაში რჩება ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის შემდეგ ალიანსის მიერ იქნა მიღებული. მათ შორის არის 2009 წელს სტრასბურგსა და კელში გამართული სამიტის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.