საზოგადოება
ზვიად სიჭინავა: „მე მონიკა ბელუჩი არ ვარ, რომ პიარი მჭირდებოდეს!“
zviad_sichiსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 7 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტ ილია კოკაიას გასცა პასუხი, რომელმაც საკუთარი პრეტენზიები ერთ-ერთი მედიასაშუალებით გამოთქვა.
ილია კოკაიას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციაში იურიდიული ქაოსია, თუმცა პრესკონფერენციის დაწყებისთანავე სიჭინავამ განაცხადა, რომ ქაოსი არა ფედერაციაში, არამედ მის თავზეა სამი კვირაა, ვინაიდან „საკუთარი „მასტერი“ არ უნახავს“ და თმა შესაჭრელი დარჩენია, თუმცა იქვე დაამატა, რომ ის ირონიით არავის ესაუბრება. კოკაიას კიდევ ერთ განცხადებას პიართან დაკავშირებით კი ასე გამოეხმაურა: „მე მონიკა ბელუჩი არ ვარ, რომ პიარი მჭირდებოდეს“ („ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“... – ავტ.)
სფფ-ის პრეზიდენტს ის აკვირვებს, თუ რატომ არის დაინტერესებული ფეხბურთის ფედერაციისა და „ტაო პრივატბანკის“ ურთიერთობითა და ვალებით „ზესტაფონის“ პრეზიდენტი. „ბოლო დროს საუბარია იმაზე, რომ ფედერაციაში და ქართულ ფეხბურთში არაფერი კეთდება. ის წარმატება, რომელსაც ნაკრებმა მიაღწია, თურმე მარტო თემურ ქეცბაიას დამსახურებაა და იმ ფეხბურთელების, რომლებიც თამაშობენ. ეს დამსახურებაა იმ ხალხის, ვინც ემსახურება ნაკრებს – მასაჟისტებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული. ეს ხალხი მუშაობს იმისთვის, რომ ნაკრებს შეუქმნას ყველა პირობა, რომ არ ჰქონდეთ პრობლემები, რაც აწუხებდათ წინა ფედერაციის დროს – არ ჰქონდათ საჭმელი და ფორმები. მინდა, ეს თემა ამოწურული იყოს.
რაც შეეხება „ტაო პრივატბანკის“ ვალს, ილია კოკაია მადანაშაულებს ფედერაციის 100 ათასი ევროთი დაზარალებაში. ეს საქმე გადაცემულია სასამართლოში. ის მოლაპარაკება, რომელიც პირველად შედგა „ტაო პრივატბანკის“ დირექტორთან და ეს ახსენა კოკაიამ, მართლაც იყო და ამას ვაღიარებ. შეთანხმების მიხედვით, პირველი ორი გადახდა მოვახდინეთ, შემდეგ, 2010 წლის 19 დეკემბერს დააყადაღეს ჩვენი ქონება და საბანკო ანგარიშები. გვყავს იურისტი, რომელიც არკვევს „ტაო პრივატბანკის“ საკითხებს. საქმე სასამართლოში უახლოეს მომავალში განიხილება. კანონის ფარგლებში გაირკვევა, ვინ დაკარგა და ვინ მოუტანა ზარალი ამ საქმეს და, პირველ რიგში, ფედერაციას.
რატომ დაინტერესდა ილია კოკაია ამ საკითხით? რატომ ერევა ამ საქმეში კლუბის პრეზიდენტი და აწყობს შეხვედრებს ფედერაციასა და „ტაო პრივატბანკს“ შორის. ესაა გასარკვევი. და ეს მაშინ, როცა ილია კოკაია ამ ბანკის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.
რაც შეეხება ვალს, ის ერთი წლის ვადით იყო გაცემული. 2009 წელს ყადაღა იმ შემთხვევაში უნდა დადებულიყო, თუ ფედერაცია ვერ იხდიდა ვალს. რა იყო ჩადებული ამაში, ამას სასამართლო დაადგენს. ვინაიდან საქართველოს ბანკში იყო დაგირავებული ფედერაციის ყველა ქონება, თავდებად ამ სესხზე დადგა ადამიანი, რომელმაც საკუთარი პირადი ანგარიში ჩადო გარანტად. იმ შემთხვევაში, თუკი სფფ ვერ გადაიხდიდა ამ ვალს და პროცენტებს, თანხა უნდა ჩამოჭრილიყო ამ პიროვნების პირადი ანგარიშიდან, რაც არ მოხდა და სწორედ ამის გამო დაგვედო ამდენი ვალი. საგარანტიო ფურცელი კი დაკარგულია და ვარკვევთ, ვინ იყო ეს პიროვნება“.
ღიმილისმომგვრელია ფაქტი, რომ ბანკი საგარანტიო ფურცელს კარგავს, ხოლო ფედერაციაში, თურმე, ეს ფურცელი საერთოდაც არ მისულა. როგორც სფფ-ს მთავარმა ბუღალტერმა განმარტა, ეს პიროვნება შესაძლოა, სწორედ ის იყოს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს.
გამოდის, რომ ილია კოკაია ყოფილა ამ სესხის გარანტი და სწორედ მისი პირადი ანგარიშიდან უნდა ჩამოჭრილიყო აღნიშნული სესხი პროცენტებითურთ. სწორედ ამით აპელირებს ფედერაციაც. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, „ტაო პრივატბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გარანტად უდგება ფედერაციას და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში სწორედ მანდ უნდა დაფაროს აღნიშნული თანხა. მაგრამ ეს ფული მისი ანგარიშიდან არ ჩამოჭრილა. ფედერაციის განცხადებით კი, როგორც აღვნიშნეთ, საგარანტიო ფურცელი არ აქვთ და ამ საკითხის გარკვევის შემთხვევაში, სფფ თანხის დაბრუნებას სასამართლოს გზით ეცდება.
კითხვაზე – აქვს თუ არა ზვიად სიჭინავას რაიმე სახის პრეტენზია „ზესტაფონთან“ და აპირებს თუ არა მასთან თუნდაც სასამართლოს გზით ურთიერთობის გარკვევას, პასუხი შემდეგია:
„ზესტაფონის“ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პრეზიდენტთან შეხვედრისას, პირველ რიგში, ის აღვნიშნე, რომ ზესტაფონში ყველაფერი კეთდება ფეხბურთის განვითარების მიზნით და ამისთვის ხელმძღვანელობა ყოველგვარ პირობას ქმნის. გულში რომ ჩამედო რამე, ამას ხომ არ ვიტყოდი? სხვა საქმეა კლუბის პრეზიდენტთან ურთიერთობა. კონკრეტულად კლუბთან საპრეტენზიო და გასარკვევი არაფერი გვაქვს“.
როგორც ზვიად სიჭინავა აცხადებს, ფედერაციას „ტაო პრივატბანკის“ დავალიანება აღარ აქვს. ბუღალტრის განმარტებით, ბანკისთვის სულ 430 ათასი ევრო გადაირიცხა, ბანკის აღმასრულებელმა 45 ათასი ევრო მოითხოვა და ეს თანხაც გადაირიცხა. ახლა სასამართლოში საქმე აღმასრულებლის თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სფფ-ის მისი დაბრუნება სურს.
რაც შეეხება გარანტორობას, ილია კოკაია ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იხსენებს:
„პირადად ვთხოვე „ტაო პრივატბანკის“ დირექტორს, მივიყვანე ფედერაციაში და შევახვედრე მათ. მოილაპარაკეს, რომ ფედერაცია 345 ათას ევროს გადაიხდიდა და ის ძველი კრედიტიც დაიხურებოდა. პრინციპული თანხმობა იყო, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი ორივე მხრიდან მოეწერებოდა, მაგრამ ფედერაციამ იცრუა. ბანკი იძულებული გახდა, სასამართლოში შეეტანა სარჩელი და ამ გზით ფედერაციისთვის 475 ათასი ევროს გადახდა დაეკისრებინა. რატომ არ კითხულობთ, ვინ აზარალა ქართული ფეხბურთი ამხელა თანხით და ვინ უნდა გადაიხადოს?
რა თქმა უნდა, ასეთი სიმართლე არავის მოეწონება – ტელევიზიით ვერ ვიყვირებდი, რადგან არავის აინტერესებს ამის გაგება. გამოდიან ტელევიზიით და ამ ბანკის წინააღმდეგ პრესკონფერენციას აწყობენ. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სესხის აღება დასჭირდება, ასეთი დამოკიდებულების გამო ყველა ბანკი უარს ეტყვის“.
სფფ-ის პრეზიდენტს კი თავად აქვს ეს კითხვა – ვინ აზარალა რეალურად ქართული ფეხბურთი? რაც შეეხება ბანკებიდან სესხების აღებას, სიჭინავას პოზიცია ცალსახაა: ვიდრე ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება, სფფ სესხს არცერთი ბანკიდან არ აიღებს.
კიდევ ერთ კითხვაზე – დათანხმდება თუ არა ის ილია კოკაიასთან ტელედებატებს, პასუხი იყო, რომ მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ და მედიით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გარკვეული პასუხი გასცა.