საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს იმ ადამიანებთან ერთად გუნდში ყოფნა, ვინც წლების წინ სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა, კითხვითვე უპასუხა:
„თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად, ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან? თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ უნდა მეპასუხა თქვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც იგი „სამთავრობო საათის“ ფორმატში წარდგა დეპუტატების წინაშე.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, უქმნის თუ არა მას დისკომფორტს და უხერხულობას ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში „უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა“.