საზოგადოება
კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, არჩევნები შესაძლოა გადაიდოს - კობახიძე

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდეს საჭირო და არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ნაცვლად, დეკემბერში ჩატარდეს. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

თუ ოქტომბრის იქით წამოვიდა მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის, თუმცა მეორე ტურს შეიძლება შეექმნას პრობლემა, ეს არის 21 ნოემბერი. თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ ტარდება არჩევნები. უბრალოდ, საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე. სასწორზე დგას ორი რამ: ერთი ეპიდემიის გავრცელება (საუბარია იმაზე, რომ მეორე ტალღა შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე პირველი, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის წყარო) და მეორე მხარეს დგას არჩევნების თარიღის საკითხი. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია იძლევა პასუხს - თუ აუცილებელი იქნება, პირობითად, ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქიდან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება არჩევნები. ეს შეიძლება იყოს დეკემბერი, იანვარი. პროგნოზებზე მაქვს საუბარი, კონსტიტუციის ჩანაწერიდან გამომდინარე. იმედს გამოვთქვამ, რომ ასე არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ გაცემული რეკომენდაციაა, რომ არჩევნები პანდემიის დროს არ ჩატარდეს.

ჩვენ ამ თვის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ სარჩევნო რეფორმას, ანუ მიღებული იქნება ახალი კანონი და როდესაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, აუცილებლად ჩატარდება ამ ახალი, ანუ 120/30-ზე სისტემით“, - აღნიშნა კობახიძემ.