საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ საარჩევნო პროცესში ჩარევად განიხილავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელებულ განცხადებას. აღნიშნულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აპირებს წინა ხაზზე იბრძოლოს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.
„სწორედ ეს არის ის საკითხი, რის გამოც ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე. სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენ უკრაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და რომელიც არის ძებნილი და რომელსაც ქართული მართლმსაჯულება 4 დამოუკიდებელი ქეისის მიმართულებით სთხოვს პასუხს, სწორედ ამ მიმართულებით იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა 11 ივნისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დავით ზალკალიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ უკრაინის ელჩს საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებებს მოსთხოვენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.
"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე 11 ივნისს გაავრცელა.
7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვერ დააკონკრეტა, როდის დაუბრუნდება იგი სამუშაო ადგილს კიევში. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პროცესი სავარაუდოდ დიდხანს არ გაიწელება. მინისტრმა 27 მაისს განაცხადა, რომ დააკვირდებიან ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს მიმართ.
რადიო თავისუფლება