აქტუალური
საქართველოს თუ სურს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უფრო სწრაფად შეასრულოს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ - ოლივერ ვარჰეი

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თუ სურს, ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უფრო სწრაფად შეასრულოს, ჩვენ ამის გასაკეთებლად მზად ვართ, – ეს განცხადება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, მთავარი პრიორიტეტად რჩება რეფორმების შესრულება.

ჩვენი შეთავაზება მოიცავს ხუთ პრიორიტეტს გაერთიანებული ერთი ქოლგის ქვეშ – ესაა მდგრადობის შენარჩუნება. ეს კრიტერიუმი ეხება პოლიტიკურ ურთიერთობასაც. ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას მათ, ვისაც მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა სურს ჩვენთან როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კუთხით. ცხადია, ჩვენი პრიორიტეტები უცვლელია. ჩვენ გვსურს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შეუსრულებელი რეფორმების დიდი ნუსხა. ჩვენ გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს რეფორმები შესრულდეს. ჩვენ საჭირო ფინანსებს და დახმარებას გამოვყოფთ, რათა მუშაობა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფად შესრულებით, ჩვენ ასევე მზად ვართ, ამის გასაკეთებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ჩვენთან და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელსაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრებიც. მათ შორის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები და „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლისთვის ევროკავშირის მიერ პარტნიორებისთვის გამოყოფილი დახმარების საკითხი.