საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. გუშინ არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი ბრალი, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ბოდიშს უხდის.
„გუშინ, „ტვ პირველის“ ეთერში არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს.
მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძემ 10 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება. სანიკიძის ამ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანმა სანიკიძის განცხადებას აბსურდი და ტყუილი უწოდა.