პოლიტიკა
რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა - გიორგი გახარია

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. რას ნიშნავს კვოტა? ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტში, არჩევნების წინ ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად – „როდის იქნება წინასაარჩევნო სია და ვინ იქნება ამ სიაში თქვენი კვოტა“.

თუ ვის გაუწევს პრემიერი რეკომენდაციას, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ განაცხადა: მე, როგორც გუნდის წევრი, როდესაც ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი, ეს არის და ეს, ჯერ ეს არც დაწყებულა და ნუ ჩქარობთ.

ჯერ ადრეა, ჯერ პარლამენტს მუშაობა არ დაუმთავრებია, უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვილაპარაკოთ, რა დროს სიაა, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ თუ სიას ადრე დააკომპლექტებენ, ეს გარანტიაა იმისა, რომ ვიღაც არჩევნებს მოიგებს, სასაცილოა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.