საზოგადოება
საქართველოსა და უკრაინას დასავლეთისგან რეალური დახმარება არ მიუღიათ - ნიკოლაი პატრუშევი

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინას დასავლეთისგან რეალური დახმარება არ მიუღიათ. ამის შესახებ პატრუშევმა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთმა დაიწყო გაზრდილი ინტერესის გამოვლენა ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებისადმი. სიღარიბის გარეშე ცხოვრების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაპირებების ფონზე, დსთ-ქვეყნები დასავლეთისგან არანაირ რეალურ დახმარებას არ იღებენ, გარდა დამოკიდებულებისა, როგორც ეს უკრაინასა და საქართველოში ხდება“, – განაცხადა პატრუშევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, დასავლეთისგან დაპირებული დემოკრატიზაციისა და კეთილდღეობის ნაცვლად, ქვეყნებმა, რომლებმაც „ფერადი რევოლუციები“ გადაიტანეს, მიიღეს დესტაბილიზებული პოლიტიკური სისტემა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ზრდა, ღრმა კრიზისი ეკონომიკაში და სოციალურ ურთიერთობებში, მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნა“.

პატრუშევის განცხადებით, „ბევრ შემთხვევაში, ასეთი ქვეყნები სამოქალაქო ომებში ჩაეფლნენ“. როგორც ინტერვიუში პატრუშევი ამბობს, სუვერენულ სახელმწიფოებზე ზეგავლენისთვის დასავლეთი უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს – ინფორმაციულ-პროპაგანდისტული ზომებიდან და პოლიტიკურ-დიპლომატიური ზეწოლიდან „თითქოს სტიქიური სახალხო გამოსვლების ინიცირების გზით“ ხელისუფლების ცვლილებამდე.