აქტუალური
ალექსანდრე ხეთაგური „ხრამჰესების“ ინტერ-რაოსთვის“ გადაცემას მომგებიან გადაწყვეტილებად აფასებს

aleksandre-khetaguriსაქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჰიდროელექტროსადგურების – „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ის რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთვის“ გადაცემის ფაქტს მომგებიან გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან დღეს, 7 აპრილს, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ახალი ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილს გაფორმდა, რუსული კომპანიისთვის ერთგვარი სტიმული იქნება, ჰესები უფრო მეტი დატვირთვით ამუშაოს, იზრუნოს მათ რეაბილიტაციაზე, გამოიმუშაოს უფრო მეტი ენერგია და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტს უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს.

„2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით „ინტერ რაოს“ ჰესების 2025 წლამდე მართვის უფლება ისედაც ჰქონდა. ეს, ფაქტობრივად, იგივეა, რაც ამ ხნის განმავლობაში ჰესების მათ საკუთრებაში არსებობა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მომგებიანია „ინტერ-რაო“ არა მმართველი, არამედ მფლობელი იყოს. ახალი ხელშეკრულებაც სწორედ ამიტომ გაფორმდა“, – აღნიშნა ხეთაგურმა.

აღსანიშნავია, რომ 1 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსული კომპანია „ინტერ-რაო“ „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ის საფასურად 2011 წლის ნოემბრამდე ქართულ მხარეს 104 მლნ აშშ დოლარს გადმოურიცხავს. გარდა ამისა, კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება მდინარე ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომლებიც ჯამში 90-100 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ჰესების მშენებლობისთვის „ინტერ-რაო“ 193 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. არსებული გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მინისტრი ხეთაგური ახალი ჰესების მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვნად დააბალანსებს ელექტროენერგიის თანაბარ და ხარისხიან მიწოდებას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და, გარდა ამისა, დადებითად აისახება წყალმომარაგებაზე.

„მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰესების მშენებლობაზე ასობით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება“, – დასძინა მინისტრმა.